ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობაზე გადასვლის შემდგომ საჭირო სპეციალური „სეთ-თოფ-ბოქსების" შეძენა მომხმარებელს, წინასწარი გათვლებით, 30-35 დოლარის ექვივალენტი ლარებში შეეძლება. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი განმარტავს, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ მხოლოდ იმ ოჯახებისთვის, რომლებიც მაუწყებლობას იღებენ ღია ეთერით, ე. წ „სახლის ანტენებით" ციფრული მაუწყებლობის მისაღებად, აუცილებელი იქნება კონკრეტული სტანდარტის ტელევიზორები, ან ე.წ. „სეთ-თოფ ბოქსები", რომლებიც 2014 წლიდან უფრო მასობრივად შემოვა საქართველოში და რომელსაც ექნება განმასხვავებელი ჰოლოგრამული ნიშანი-სტიკერი, რაც მომხმარებელს გაუადვილებს მათ ამოცნობას. ქუმსიშვილის განმარტებით, რეფორმის ფარგლებში სახელმწიფომ გაითვალისწინა სოციალურად დაუცველი ოჯახების „სეთ-თოფ-ბოქსებით" უზრუნველყოფის საკითხიც.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განმარტავენ, ის მომხმარებლები, რომელბიც სარგებლობენ საკაბელო ტელევიზიებისა, თუ IP ტელევიზიების მომსახურებით, მათთვის არაფერი არ იცვლება და მათ „სეთ-თოფ-ბოქსები" არ დასჭირდებათ, რადგანაც გამოსახულების მაღალი ხარისხის მოწოდებას თავად საკაბელო ტელევიზია უზრუნველყოფს.
როგორც ცნობილია, საქართველო საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას ასრულებს და 2015 წლის 17 ივნისიდან ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობაზე გადადის. რამდენიმე თვის აქტიური მუშაობის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეიმუშავა უკვე დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ძირითად მიმართულებებსა და სამოქმედო გეგმას. დოკუმენტი მომზადდა უპირველეს ყოვლისა მაუწყებლების მოთხოვნების გათვალისწინებით და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით.
„ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლას როგორც ქვეყნისთვის, ასევე მაუწყებლებისა და მოსახლეობისთვის არაერთი დადებითი მხარე აქვს: პირველ რიგში, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა ხელს შეუწყობს მედიაპლურალიზმს, სიტყვის თავისუფლებასა და ტელემაუწყებლობის შემდგომ განვითარებას. მაგალითად, დღეს არსებული ერთი სატელევიზიო სიხშირით მომავალში 15-მდე ციფრული სატელევიზიო არხი გავრცელდება. ეს თავის მხრივ საშუალებას მისცემს როგორც არსებულ, ასევე ახალ ტელემაუწყებლებს, გავრცელდნენ ღია ეთერით მთელი საქართველოს მასშტაბით და საქართველოს ყველა მოქალაქეს მიაწოდონ მაუწყებლობა. მოსახლეობას კი შესაძლებლობა ექნება, უფასოდ მიიღოს უფრო მეტი და გაუმჯობესებული ხარისხის სატელევიზიო არხი"- აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი.