საქართველო საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას ასრულებს და 2015 წლის 17 ივნისიდან ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობაზე გადადის. როგორც დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა განმარტა, რამდენიმე თვის აქტიური მუშაობის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეიმუშავა დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ძირითად მიმართულებებსა და სამოქმედო გეგმას. დოკუმენტი მომზადდა უპირველეს ყოვლისა მაუწყებლების მოთხოვნების გათვალისწინებით და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით.
„ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლას როგორც ქვეყნისთვის, ასევე მაუწყებლებისა და მოსახლეობისთვის არაერთი დადებითი მხარე აქვს: პირველ რიგში, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა ხელს შეუწყობს მედიაპლურალიზმს, სიტყვის თავისუფლებასა და ტელემაუწყებლობის შემდგომ განვითარებას. მაგალითად, დღეს არსებული ერთი სატელევიზიო სიხშირით მომავალში 15-მდე ციფრული სატელევიზიო არხი გავრცელდება. ეს თავის მხრივ საშუალებას მისცემს როგორც არსებულ, ასევე ახალ ტელემაუწყებლებს, გავრცელდნენ ღია ეთერით მთელი საქართველოს მასშტაბით და საქართველოს ყველა მოქალაქეს მიაწოდონ მაუწყებლობა. მოსახლეობას კი შესაძლებლობა ექნება, უფასოდ მიიღოს უფრო მეტი და გაუმჯობესებული ხარისხის სატელევიზიო არხი"- აღნიშნა ქუმსიშვილმა.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განმარტავენ, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ მხოლოდ იმ ოჯახებისთვის, რომლებიც მაუწყებლობას იღებენ ღია ეთერით, ე. წ „სახლის ანტენებით" ციფრული მაუწყებლობის მისაღებად აუცილებელი იქნება კონკრეტული სტანდარტის ტელევიზორები ან ე.წ. სეთ-თოფ ბოქსები, რომლებიც 2014 წლიდან უფრო მასობრივად შემოვა საქართველოში და რომელსაც ექნება განმასხვავებელი ჰოლოგრამული ნიშანი-სტიკერი, რაც მომხმარებელს გაუადვილებს მათ ამოცნობას. ამასთან, რეფორმის ფარგლებში სახელმწიფომ გაითვალისწინა სოციალურად დაუცველი ოჯახების „სეთ-თოფ-ბოქსებით" უზრუნველყოფის საკითხიც.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფარგლებში შეიქმნა „ციფრული მაუწყებლობის სააგენტო", რომელიც უხელმძღვანელებს რეფორმის ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას, კერძოდ:
• განხორციელდება საინფორმაციო სახის სოციალური რეკლამებისა და კლიპების დამზადება და მომხმარებლებისთვის საცნობარო ბუკლეტების შედგენა;
• შეიქმნება ცხელი ხაზი, სადაც თითოეულ მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება, მიიღოს მისთვის საჭირო ამომწურავი ინფორმაცია.