2014 წლის 22 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა ნაფიც მსაჯულთა განსჯადი მეშვიდე სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა. თორმეტმა ნაფიცმა მსაჯულმა გამამართლებელი ვერდიქტი მიიღო და ბრალდებულები ანდრია ჭულუხაძე, კახა გოჩაშვილი, გულნარა კახნიაშვილი და თამაზ კასრაძე უდანაშაულოდ სცნო ყველა წარდგენილ ბრალდებაში.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამამართლებელი ვერდიქტი მიღებულ იქნა ერთხმად, ნაფიცი მსაჯულთა სასამართლოს სათათბიროდ გასვლიდან პირველ სამ საათში.
წარდგენილი ბრალდების თანახმად, ანდრია ჭულუხაძესა და კახა გოჩაშვილს ბრალად ედებოდათ თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, ანდრია ჭულუხაძეს ასევე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ხოლო თამაზ კასრაძესა და გულნარა კახნიაშვილს სამსახურებრივი სიყალბე ე.ი. მოხელის მიერ ყალბი დოკუმენტის შედგენა და გაცემა სხვა პირადი მოტივით.
სახელმწიფო ბრალდება მათ ბრალს სდებდა შემდეგში: 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის გასაცემი კომპენსაციის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, ქ. თბილისში მუდმივად მცხოვრები ანდრია ჭულუხაძე, რომელსაც 2009 წლის 27 აგვისტოდან ეკავა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილის თანამდებობა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დაუკავშირდა ქურთის მუნიციპალიტეტის ქურთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს გულნარა კახნიაშვილს. ამ უკანასკნელმა, თავის მხრივ გასცა ყალბი ცნობა ანდრია ჭულუხაძის გორის რაიონის სოფელ აჩაბეთში რეგისტრაციის შესახებ. ამავე განზრახვით, ასევე თბილისში მუდმივად მცხოვრებმა კახა გოჩაშვილი დაუკავშირდა ქემერტის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულ თამაზ კასრაძეს, რომელმაც ასევე პირადი მოტივით გასცა ყალბი ცნობა, გორის რაიონის სოფელ ხეითში მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ. ყალბი ცნობების საფუძველზე, კახა გოჩაშვილმა და ანდრეა ჭულუხაძემ, 2008 წლის რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად, როგორც უსახლკაროდ დარჩენილებმა სახელმწიფოსგან მიიღეს ფულადი კომპენსაცია 10 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.
აღნიშნულ საქმეზე გაიმართა 10 სასამართლო სხდომა, დაიკითხა ბრალდების 20 მოწმე, ასევე თავად ბრალდებულები, რომლებმაც თავი არ სცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბარალდებაში. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები.
სხდომის თავჯდომარემ გამამართლებელი ვერდიქტის გამოცხადებისთანავე ყველა ბრალდებულის მიმართ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.
ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული გამამართლებელი ვერდიქტი საბოლოოა და არ საჩივრდება.