„ოლიმპიური ვარსკვლავისგან" დაზარალებული მენაშენეები დღეს მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილს ხვდებიან. შეხვედრა, მთავარ პროკურატურაში 14:00 საათზე უნდა გაიმართოს.
მენაშენეების საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი დალი ჩანტლაძე „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ პროკურატურას საქმის გამოძიება დაწყებული აქვს.
მისი თქმით, დღეს მთავარ პროკურორთან შეხვედრისასმშენებლობის გაგრძელების საკითხსაც განიხილავენ.
„ოლიმპიური ვარსკვლავისგან" 200-მდე ადამიანი ვართ დაზარალებული, უფრო ზუსტად 170-180. საგამოძიებო სამსახურმა ჯერ ზუსტად ვერ დაადგინა დაზარალებულთა რაოდენობა, რაც გაოგნებას იწვევს. 30 იანვარს სასამართლო განიხილავს სამოქალაქო სარჩელის, რომლის საფუძველზეც ჩვენი ქონება მიაქვს „საქართველოს ბანკს", რადგანაც ზაზა რაზიკაშვილს ეს ქონება ჩვენი ნებართვის გარეშე უზრუნველყოფაში აქვს ჩადებული და 30 იანვარს უნდა მოხდეს ამის აღსრულება. ჩვენ სამოქალაქო სარჩელი შევიტანეთ ამის გამო და მესამე პირად ვერთვებით საქმეში", - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს" ჩანტლაძემ.
მისივე თქმით, მენაშენეები მთავარი პროკურორისგან მოელიან პრობლემის გადაწყვეტას.
„დაზარალებულად უნდა გვცნონ, რის შემდეგაც „ოლიმპიური ვარსკვლავის" ხელმძღვანელებს წაეყენებათ ბრალი დიდი ოდენობით თანხის დატაცებაში.
ასევე გამოსავალი უნდა ვიპოვოთ ჩვენი ობიექტის დასრულებასთან დაკავშირებით", - განაცხადა ჩანტლაძემ.
ჩანტლაძე აცხადებს, რომ მათი ქონება „საქართველოს ბანკის" იპოთეკითაა დატვირთული, ასევე საუბარია „ოლიმპიური ვარსკვლავის" 27 მილიონი ლარის საგადასახადო დავალიანებაზე.
„მოვითხოვთ, გვითხრას სახელმწიფომ, რატომ ადევს ამდენი ყადაღა და რატომ არ არის ნება, რომ დაისაჯონ რაზიკაშვილი და თქვან საიდან და რატომ მოხდა ეს ყველაფერი", - განაცხადა ჩანტლაძემ.
შეგახსენებთ, რომ „ოლიმპიური ვარსკვლავის" დამფუძნებლები, ქართველი ოლიმპიელები არიან. მათ შორის არის საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ ზვიადაური.
აღსანიშნავია, რომ 2012 წლის 4 ივნისს „ოლიმპიური ვარსკვლავის" ოფისში მენაშენეები შეიჭრნენ, რაც კომპანიის ხელმძღვანელობამ ზურაბ ზვიადაურის „ქართულ ოცნებაში" გაწევრიანებას უკავშირა და აღნიშნულ ფაქტს „ნაციონალური მოძრაობის" მიერ მოწყობილ პროვოკაცია უწოდა. თუმცა ზვიადაურის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მენაშენეთა მდგომარეობა უფრო დამძიმდა და ამჟამად კომპანიის ხელმძღვანელები „საქართველოს ბანკის „უსინდისობაზე" საუბრობენ.