დოლართან მიმართებაში ლარის კურსის ხელოვნური გაუფასურება მოხდა, რათა ბიუჯეტში სოლიდური გარღვევა არ დაფიქსირებულიყო, - ამის შეახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში პაატა აროშიძემ განუცხადა. მისი თქმით, ეს იყო ხელოვნურად გაკეთებული სიტუაცია იმიტომ, რომ ფინანსთა მინისტრი, გამოდის და აცხადებს, რომ 2014 წლის ბიუჯეტი გათვლილია 1 დოლარი უდრის 1,70 ლარს, რაც იმას ნიშნავს, რომ არ დაუშვებენ იმას, რომ ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1,70-ზე დაბლა ჩამოვიდეს.
„თავის დროზე არადამაჯერებელი იყო ფინანსთა მინისტრის განცხადება, რომ წლის ბოლოს კურსი სეზონურობიდან გამომდინარე დაეცა. სეზონური მდგომარეობა ყოველ წელსაა. ლარის კურსის ავარდნა, ანუ დოლართან მიმართებაში ლარის კურსის ხელოვნური გაუფასურება მოხდა, რათა ბიუჯეტში დიდი გარღვევა არ ყოფილიყო"- აცხადებს ექსპერტი და მიიჩნევს, რომ ესეთი ვითარება უფრო ფინანსთა სამინისტროს ინტერესში იყო.
"წლის პირველი თვის, პირველი დეკადა გადავიდა, დასრულდა საახალწლო სდღესასწაულო დღეები და ამის წესით მერე უნდა მოხდეს კურსის დასტაბილურება. თუმც, როგორც ექსპერტი გეტყვით, რომ დოლარის კურსი შესაძლოა დაფიქსირდეს 1,76-1,77 ლარის ფარგლებში და არა მგონია, რომ დოლართან მიმართებაში ლარის კურსი ამაზე მაღლა ავიდეს. 1,80-2,00 ლარზე დოლარის კურსი არ ავა, რადგანაც საქართველო იყენებს ხელოვნური დარეგულირების მეთოდს. რადგანაც ჩვენ ძირითადი სარეზერვო ვალუტა გვაქვს დოლარში, სწორედ დოლართან მიმართებაში ხდება ასეთი რამ. თუ ქვეყანას არ გააჩნია საკუთარი წარმოება და ექსპორტი საკმაოდ მაღალ დონეზე, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს როგორ იქნება ლარის კურსი შენარჩუნებული. ყველა მოქმედებს ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლით. ანუ როდესაც მოთხოვნა იზრდება დოლარზე ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვასტიმულირებთ იმპორტირებულ პროდუქციას, ანუ იმპორტიორებს. როდესაც ლარზე იქნება მოთხოვნა ეს ნიშნავს იმას, რომ ვასტიმულირებთ ადგილობრივ პროდუქციას. ადგილობრივი პროდუქცია ჩვენ სამწუხაროდ არ გაგვაჩნია. თუ კურსი ლარისა მიბმული იქნება ეროვნულ ეკონომიკაზე და ადგილობრივ წარმოებაზე, ეს გაცილებით უკეთესი იქნებოდა", - აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ექსპერტი და აღნიშნავს, რომ სებ-სა და ფინანსთა სამინისტროს აღარაფერი დარჩენიათ, რომ ასეთი ხელოვნური მეთოდებით მოახდინონ ფიქსირება ლარის კურსისა დოლართან მიმართებაში. "ლარი გაუფასურებულია ევროსთან მიმართებაშიც და შეიძლება ითქვას ის ევროსთან მიმართებაში უფროა გაუფასურებული ვიდრე დოლართან მიმართებაში", - აცხადებს აროშიძე.
მისივე განმარტებით, ეკონომიკურმა გუნდმა ერთობლივი მუშაობით ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ კურსის სტაბილიზება ხელოვნური ჩარევების გარეშე მოხდეს, რადგანაც ხელოვნურად კურსის „დაჭერის" შემთხვევაში ვითარება მხოლოდ 1-1,5 თვე იქნება სტაბილური.
„ჩარევითი მეთოდი, ანუ საუბარი მაქვს ხელოვნურ ჩარევაზე, - შესაძლოა ეს იყოს დროებითი მოვლენა. ასე კურსის შენარჩუნება შესაძლოა მოხდეს 1-1,5 თვის განმავლობაში, მაგრამ შემდგომ კურსი ისევ აიწევს. ამიტომ ისეთი პოლიტიკა უნდა იქნეს შემუშავებული, რომ ხელოვნური ჩარევა საჭირო არ იყოს. ინტერვენციის პოლიტიკა სებ-ს არ გააჩნია, ანუ უშუალოდ ჩარევის. ეკონომიკურმა ბლოკმა ისეთი ინტერვენცია უნდა მოიფიქროს და შეიმუშაოს, რომ სიტუაცია სტაბილიზაციისკენ წავიდეს და როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა „ვანგასთან" აღარ უნდა წავიდეთ, რომ ლარის კურსი გავიგოთ", - აცხადებს ექსპერტი.
შეგახსენებთ, რომ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში ლარის კურსი გაუფასურებას განაგრძობს. სებ-ის ინფორმაციით, 15 იანვრიდან დოლართან მიმართებაში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 1.7533 ლარი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ 14 იანვრის კურსთან შედარებით, დოლარი ლართან მიმართებაში 0.0058 პუნქტით გაძვირდა.
როგორც ცნობილია, ფინანსთა მინისტრი პოზიციას არ ცვლის და ლარის კურსს ისევ ოპტიმიზმით შეჰყურებს. როგორც ნოდარ ხადური აცხადებს, რომ სამომავლოდ პროცესების გართულებას ადგილი არ ექნება.
"მე ვფიქრობ, ლარის კურსი დასტაბილურდა. რამდენიმე დღის განმავლობაში დოლარის კურსის შემცირების ტენდენცია მცირე, მაგრამ მაინც დაფიქსირდა. მიმაჩნია პროცესის არანაირ გართულებას ადგილი არ ექნება. ეს კურსი არის ახალი წონასწორული კურსი და ვფიქრობ ეკონომიკური პროცესები არათუ შეფერხდება არამედ დაჩქარდება კიდეც"- განაცხადა ნოდარ ხადურმა 13 იანვარს. როგორც სებ-ის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ 10 იანვარს გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, თუ საჭირო გახდება სებ-ი პოლიტიკის გამკაცრებს, იმისთვის, რომ ინფლაცია სამიზნე ნიშნულის ფარგლებში იყოს.