„საერთაშორისო გამჭვირვალობის" 2013 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში (CPI), რომლის საშუალებითაც 177 ქვეყნის საჯარო სექტორში არსებული კორუფციის აღქმის დონე იზომება, საქართველო 55-ე ადგილზეა.
2013 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის თანახმად, 0-იდან (ყველაზე კორუმპირებული) 100-მდე (ყველაზე ნაკლებ კორუმპირებული) შკალაზე საქართველოს 49 ქულა აქვს. 2012 წელს საქართველოს 52 ქულა ჰქონდა და 176 ქვეყანას შორის 51-ე ადგილს იკავებდა.
კორუფციის აღქმის მაჩვენებელი საქართველოში კვლავაც უფრო მაღალია, ვიდრე ბალტიისპირეთის ქვეყნებში (ესტონეთი 28-ე ადგილზეა, ლიტვა 43-ეზე, ხოლო ლატვია 49-ეზე), მაგრამ საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ ზოგიერთ ქვეყანას - ხორვატიას და ჩეხეთის რესპუბლიკას (რომლებიც 57-ე ადგილს იყოფენ), სლოვაკეთს (61-ე ადგილი), იტალიასა და რუმინეთს (რომლებიც 69-ე ადგილს იყოფენ), ბულგარეთს (77-ე ადგილი) და საბერძნეთს (მე-80 ადგილი). თურქეთი საქართველოს მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს და 53-ე ადგილზეა. სომხეთი 94-ე ადგილზეა, ხოლო რუსეთი და აზერბაიჯანი 127-ე ადგილს იყოფენ.
2013 წლის შედეგებით, კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დანიაში, ახალ ზელანდიაში, ფინეთში, შვედეთში, ნორვეგიასა და სინგაპურშია. ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნებად ერაყი, ლიბია, სამხრეთ სუდანი, სუდანი, ავღანეთი, ჩრდილოეთ კორეა და სომალი აღიქმებიან.