დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ეხმიანება 8 აგვისტოს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, თითქმის 8 - თვიანი პატიმრობის შემდეგ გიორგი ახობაძე მტკიცებულებების არარსებობის გამო, უდანაშაულოდ ცნეს.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, გიორგი ახობაძესთან მიმართებით დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის მე-13 და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლები, რომლითაც დაცულია ადამიანის თავისუფლების უფლება, მისი შეზღუდვა კი დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
"დაცვის მხარე, მუდმივად საუბრობდა საქმეში მტკიცებულებათა არარსებობაზე და შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიების, მით უფრო, უმკაცრესი ზომის - პატიმრობის შეფარდების აბსურდულობაზე.
პატიმრობა, როგორც შიდა საკანონმდებლო, ისე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს საქმეში სათანადო მტკიცებულებები და შესაბამისად, გონივრული ეჭვი, რომ პირმა ჩაიდინა კონკრეტული დანაშაული და სხვა სახის აღკვეთის ღონისძიების გამოყენება საფრთხეს შეუქმნის გადაწყვეტილების აღსრულებას. ამასთან, არსებობს ვალდებულება, რომ წინასწარი პატიმრობის შემთხვევაში, კიდევ უფრო სწრაფად წარიმართოს მართლმსაჯულების პროცესი. გიორგი ახობაძის საქმეზე, სასამართლომ 8 თვიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ, გამამართლებელი განაჩენი სწორედ სათანადო მტკიცებულების არარსებობას დააყრდნო და თავადაც დაადასტურა მისი უფლებების უხეში დარღვევა და საქმის პოლიტიკური მოტივი.
გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ წევრების მიერ გიორგი ახობაძესთან მიმართებით (ასევე, აქციების კონტექსტში დაკავებულ სხვა პირთა მიმართებითაც) გაკეთებული განცხადებები, კიდევ ერთი დასტურია, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო - უდანაშაულობის პრეზუმფცია უკანონო პატიმართან მიმართებით არაერთხელ დაირღვა. ამასთან, ირაკლი კობახიძემ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ აღნიშნა, რომ მიუხედავად ბრალდების მართებულობისა, საქმეში არ არსებობდა ვიდეო-მტკიცებულება, შესაბამისად, „100%-იანი მტკიცებულების გარეშე სასამართლოს ევალება გაათავისუფლოს ადამიანი." აღნიშნული განცხადება განსაკუთრებით საყურადღებოა მაშინ, როდესაც სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ჯერ ხელმისაწვდომი არ არის.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, აუცილებელია სათანადო ორგანოების მყისიერი რეაგირება გიორგი ახობაძის საქმეზე, მით უფრო, რომ ყველა პირი, ვინც აღნიშნულ საქმეში მონაწილეობდა, იდენტიფიცირებულია. 8 თვის განმავლობაში საქმეში არსებობდა მხოლოდ ერთი მტკიცებულება - მოწმეთა ჩვენება (საქმეში არც ჩხრეკისა და დაკავების ამსახველი კადრები არსებობდა), რომელზე დაყრდნობითაც ხელმძღვანელობდა ერთი მხრივ, პროკურორი აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობის ეტაპზე და მეორე მხრივ, მოსამართლე - პატიმრობის შეფარდების დროს. აღსანიშნავია, რომ გიორგი ახობაძე გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე გაჩხრიკეს (გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით). შესაბამისად, ჩნდება გონივრული ეჭვი, შესაბამისი უწყებების კოორდინირებულად მოქმედებაზე, რასაც შედეგად გიორგი ახობაძის უკანონო პატიმრობა მოჰყვა.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს:
შესაბამის ორგანოებს:
დაუყოვნებლივ/მყისიერად გამოიძიონ აღნიშნული შემთხვევა, მით უფრო, რომ საჯაროა საქმის გამომძიებლების, მოწმეების, პროკურორების, მოსამართლეთა ვინაობა.
კანონმდებლობის შესაბამისად, დადგეს საქმეში მონაწილე ყველა პირის პასუხისმგებლობა.
მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია პროაქტიულად მიეწოდოს საზოგადოებას.
სასამართლოს:
საპროტესტო აქციების კონტექსტში დაკავებული რამდენიმე პირის მიმართ, რომელთა სასამართლო პროცესები ჯერ არ დასრულებულა, პროკურატურის მხრიდან, გიორგი ახობაძის საქმის მსგავსად, წარმოდგენილია ანალოგიური ბრალდება და საქმეში არ არსებობს ობიექტური/ნეიტრალური მტკიცებულება. შესაბამისად, აუცილებელია საქმეზე დადგეს გამამართლებელი განაჩენი"- წერს ორგანიზაცია.
ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ედებოდა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 10 დეკემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სათანადო სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის მიუხედავად, მას აღკვეთის უმკაცრესი ზომა პატიმრობა შეეფარდა.