ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმისა და გურიის სამმართველოს თანამშრომლებმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და რეალიზაციის ფაქტზე ირაკლი მაღლაფერიძე და მამუკა აბესაძემ დააკავეს.
სამართალდამცავების განცხადებით, ქუთაიში მცხოვრებმა ინდივიდუალურმა მეწარმემ ირაკლი მაღლაფერიძემ ერთ-ერთ მოქლაქეს 500 ლარის სანაცვლოდ 40 000 ლარი ღირებულების საქონელზე ყალბი ზედნადები გამოუწერა, ხოლო შპს „კედარი-2"-ის თანამშრომელმა მამუკა აბესაძემ, ერთ-ერთი ორგანიზაციის სახელზე დაამზადა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა 3 000 ლარის საქონელზე და გასამრჯელოს სახით 300 ლარი აიღო. ორივე შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილები ყალბი საგადასახადო დოკუმენტების რეალიზაციისა და შესაბამისი ანაზღაურების მიღების ფაქტზე დააკავეს.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ოთხ წლამდე ვადით.