9 აპრილის ახალგაზრდული შტაბის დაკავებულ სამ წევრს, რომელთაცწუხელ, პრეზიდენტის დაცვასთან შელაპარაკება მოუვიდათ, 400-400 ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრათ.
აღნიშნულს "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერი ეკა ბესელია უკანონოს უწოდებს და აცხადებს, რომ ახალგაზრდებისთვის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა მოხდა.
"მაშინ, როცა ხელისუფლება ახალგაზრდებს აკავებს, ცხადი ხდება, რომ დიალოგის შესახებ მათი შემოთავაზება მხოლოდ პიარ-კამპანიის ნაწილია", - ამბობს ბესელია.
შეგახსენებთ, რომ 9 აპრილის ახალგაზრდული შტაბის წევრებმა გუშინ საღამოს სანაპიროზე მდებარე რესტორან "მეიდანთან", სადაც პრეზიდენტი ვახშმობდა, აქცია გამართეს, რის გამოც მათ პოლიციასთან და პრეზიდენტის დაცვასთან შელაპარაკება მოუვიდათ. აღნიშნულის შედეგად მოძრაობის 3 აქტივისტი დააკავეს.
აღსანიშნავია, რომ 9 აპრილის ახალგაზრდული შტაბის წევრები დღეს აქციას სახელმწიფო ტელევიზიასთან გამართავენ და პირველი არხის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას მოითხოვენ.