"ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობის მერობის კანდიდატის გია ჭანტურიას ოფისის პრეზენტაცია დღეს თავისუფლების #4-ში გაიმართა. გიორგი თარგამაძის თქმით, ახალი ოფისი საარჩევნო კამპანიის დროს მოსახლეობის მიღების, მათთან კონსულტაციების ადგილი იქნება.
"თუმცა, ჩვენ არ ვაპირებთ ჩავიკეტოთ ამ ოფისში. გავალთ თბილისის ყველა უბანში. არ დარჩება ადგილი, სადაც არ გვექნება შეხვედრები მოსახლეობსთან," - განაცხადა "ქრიატიან-დემოკრატების" ლიდერმა.
გია ჭანტურიამ პარტიის საარჩევნო კამპანიის ძირითადი პრიორიტეტები განსაზღვრა. დასაქმება და დაბალი ტარიფები, მისი თქმით, ამ დროისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
გია ჭანტურიას მხარდასაჭერად პრეზენტაციაზე მომღერალი მერაბ სეფაშვილი მივიდა. "ხშირი სტუმარი ვიქნები ამ ოფისის. ვიცი, რომ გია ტყუილ დაპირებებს არ იძლევა", - განაცხადა მომღერალმა.
პრეზენტაციის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ ოფისი სიონის საკათედრო ტაძრის მოძღვარმა მამა გიორგიმ აკურთხა.