ოსი სეპარატისტები ახალი პოლიტიკური რუკის შექმნისათვის ემზადებიან. ამისათვის ისინი აპირებენ "გაიხსენონ" ძირძველი ოსური მიწების შესახებ, "რომლებიც ამჟამად საქართველოს აქვს მიტაცებული".
სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში ამჟამად ძალიან დიდი აქტუალობითა და პოპულარობით სარგებლობს საკითხი საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის ე.წ. დელიმიტაციის შესახებ. ოსმა სეპარატისტებმა უკვე "დელიმიტაციის" კომისიაც შექმნეს. სეპარატისტები აცხადებენ, რომ კომისიის მუშაობის საბოლოო დოკუმენტის შედეგად, ახალი, ახლანდელისგან სრულიად განსხვავებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პოლიტიკური რუკა უნდა შეიქმნას.
"აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ძირძველი ოსური მიწების შესახებ, რომელიც ჯერ მეფის რუსეთმა, შემდეგ კი საბჭოთა ხელისუფლებამ აჩუქა საქართველოს. ამიტომაც კომისიის მიერ შედგენილ საბოლოო დოკუმენტის შედეგად უნდა დაიდოს სამხრეთ ოსეთის სრულიად ახალი პოლიტიკური რუკა, რომელიც მნიშვნელოვნად იქნება განსხვავებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რუკიდან", _ იუწყებიან სეპარატისტები.
აღსანიშნავია, რომ სეპარატისტებისა და რუსი ოკუპანტების მიერ უკვე შექმნილია ე.წ. დელიმიტაციის კომისიაც. ე.წ. ოსური მხარის ინტერესებს კომისიაში სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. წარმომადგენელი პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევი "იცავს". კომისიაში ჩართულია რუსული მხარეც და მას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველი ვადიმ ბროვცევი წარმოადგენს.
სეპარატისტები აცხადებენ, რომ შესაბამისი წერილი მუშაობის დაწყების წინადადებით უკვე გაიგზავნა ქართული მხრისათვის, მაგრამ ქართულ მხარეს პასუხი არ გაუცია. კომისიის პირველი სხდომა რუსულ და ოს სეპარატისტთა ფორმატში უკვე გაიმართა მოსკოვში თებერვლის დასაწყისში.