საქართველოს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიას 2016 წელს ახალი სათაო ოფისი ექნება. კომპანიამ საერთაშორისო ტენდერი უკვე გამოაცხადა. ტენდერის მიხედვით, კონტრაქტორი ვალდებულია ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის მიკრორაიონების დამაკავშირებელი გზის მახლობლად წყლის წვეთის ფორმის 10 სართულია შენობა ააშენოს. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმარტავენ, კომპანიის სათაო ოფისის მშენებლობისთვის ფული აზიის განვითარების ბანკმა გამოყო და მანვე შეიმუშავა შენობის დიზაინიც.
სატენდერო პირობების მიხედვით, 10 სართულიანი ოფისი, რომლის ფართობიც დაახლოებით 5,000მ2 იქნება მშენებლობის დაწყებიდან 540 დღეში უნდა აშენდეს და სამშენებლო სამუშაოები კი 2014 წლიდან უნდა დაიწყოს.
როგორც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში განმარტავენ, საქართველომსესხი აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) ურბანული მომსახურების საინვესტიციო პროგრამის (I ტრანში) ღირებულების უზრუნველყოფის მიზნით მიიღო. აღნიშნული სესხის ნაწილი გამოყენებული იქნება კომპანიის სათაო ოფისის მშენებლობისათის.
საერთაშორისო სატენდერო ვაჭრობაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პრეტენდენტებს აზიის განვითარების ბანკის უფლებამოსილი წარმომავლობის ქვეყნებიდან. პრეტენდენტის საშუალო წლიური სამშენებლო ბრუნვა ბოლო 3 წლის განმავლობაში მინიმუმ 6,700,000.00 აშშ. დოლარი უნდა იყოს.