საერთაშორისო სავალუტი ფონდი მიმდინარე წელს საქართველოში 2,5 %-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. სამაგიეროდ საკმაოდ ოპტიმისტური პროგნოზი არსებობს 2014 წელთან მიმართებაში, რადგანაც სსფ-ში მიიჩნევენ, რომ საქართველოს ეკონომიკა 2014 წელს 5 %-ით გაიზრდება.
როგორც სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში აზიმ სადიკოვი განმარტავს, სსფ ელოდებოდა, რომ 2013 წელს ქვეყნის ეკონომიკა შენელდებოდა და სწორედ ამიტომ გაკეთდა ეკონომიკის 2,5 %-იანი ზრდის პროგნოზი. ეკონომიკური ზრდის შენელების მთავარ ფაქტორებად სადიკოვი ინვესტიციების შემოდინების შენელებას და პოლიტიკურ არასტაბილურობას უკავშირებს. თუმცა მიმდინარე ეკონომიკურ პარამეტრებში სადიკოვი დადებით ტენდენციასაც ხედავს - ესაა ექსპორტის ზრდის ტენდენცია.
სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ქვეყნის მთავრობას ფისკალურ პოლიტიკას უწონებს და ურჩევს, რომ ფისკალური პოლიტიკის მიმართულებით ხელისუფლებამ კურსი არ შეცვალოს და ჩვეულ რეჟიმით გააგრძელოს მუშაობა.
რაც შეეხება 2014 წლის ოპტიმისტურ პროგნოზს, სსფ მომავალი წლისთვის ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას მოელის, რადგანაც პოლიტიკური არასტაბილურობა და კოჰაბიტაცია ქვეყანაში უკვე დასრულებულია. სსფ მიიჩნევს, რომ მომავალი წლისთვის მთავრობა ხარჯებს გაზრდის, რაც ეკონომიკის განვითარებას წინ წაწევს.
„ქვეყნის ეკონომიკაზე გავლენა იქონია პოლიტიკურმა გაურკვევლობებმა. ხელისუფლება ერთი ძალიდან გადაეცა მეორეს. შემდგომ იყო მორიგი არჩევნები. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის მიზეზები, თუ რატომ შენელა ეკონომიკა. მინდა ავღნიშნო, რომ პოლიტიკური გაურკვევლობის გამო ინვესტორთა ნდობა იყო შენელებული და იმავდროულად შემცირდა სამთავრობო ხარჯები, რამაც გავლენა იქონია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. წელს ეკონომიკის ზრდა 2,5 %-ი იქნება, თუმცა 2014 წლისთვის მდგომარეობის გაუმჯობესებას მოველით და ეკონომიკის მაჩვენებელი 2014 წელს იქნება 5 %-ი"- განაცხადა აზიმ სადიკოვმა.