მთავრობა ექსპორტიორების უფლებების დაცვის მიმართულებით აქტიურდება. როგორც ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განმარტა, მეზობელ ქვეყნებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა მათ უწყებებში დასხდნენ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე მოახდენენ ექსპორტიორების უფლებების დაცვას.
„რაც შეეხება ექსპორტ-იმპორტის სტრუქტურას, იმედის მომცემია, რომ ექსპორტის მიმართულებით არის ზრდა და ამას ძალიან ბევრი ფაქტორი განაპირობებს. განაპირობებს თუნდაც ის რომ სახელმწიფო უფრო აქტიურად იცავს ექსპორტიორის უფლებებს.
ვაპირებთ, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან პარტნიორული ურთიერთობების გზით მოვახდინოთ უფრო ეფექტური დაცვა ექსპორტიორის უფლებების. ამაში ჩაერთვება სავაჭრო-სამრეწველო პალატაც. მეზობელი ქვეყნების საბაჟო სამსახურებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ იქ დაჯდნენ ჩვენი სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ დაიცავენ ექსპორტიორების უფლებებს"- განმარტავს გიორგი კვირიკაშვილი.