ექსპერტი კახა კახიშვილი ფიქრობს, რომ შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის პოსტს დიდი ალბათობით ირაკლი ღარიბაშვილის მოადგილე ვახო გომელაური დაიკავებს. როგორც კახიშვილმა "პრაიმტაიმის" პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, შსს არის უწყება რომლის პოლიტიზირებაც არ უნდა მოხდეს.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ძალიან მნიშვნელოვანი სამინისტრო და იქ პოლიტიზირებული ადამიანის დანიშვნა არ შეიძლება. არავის არ აქვს გარანტია რომ დღეს დანიშნული რომელიმე პარტიის ლიდერი ან პარტიასთან ასოცირებული პირი, ორი წლის შემდეგ არ დაიწყებს პოლიტიკურ თამაშებს. აქიდან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ აქაც იქნება სტრატეგია გაგრძელებული და ახალი შსს მინისტრი იქნება დეპოლიტიზირებული. ჩემი აზრით და დიდი ალბათობით, ვფიქრობ რომ ეს ადამიანი იქნება გომელაური. რადგანაც ის ყველა კრიტერიუმში ჯდება. ის იყო ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურში, მასთან ჰქონდა ურთიერთობა ირაკლი ღარიბაშვილს. იმავდროულად გომელაური არის აპოლიტიკური ფიგურა. იცნობს სისტემას რადგანაც ის მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროში , მისთვის ცნობილია ყველაფერი რადგანაც ეს არის უწყება რომელიც ვერ იტანს და არ იღებს არაპროფესიონალებს. ამიტომაც იქ საკადრო გადაადგილებები დაფიქრებას საჭიროებს", - აცხადებს კახიშვილი.