საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ლიტვაში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ლიტვის სეიმის თავმჯდომარეს ლორეტა გრაუჟინიენეს შეხვდა.
აღნიშნული შეხვედრის მთავარი თემები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობები, ვილნიუსის სამიტის მოლოდინები და სამიტის შემდგომი პერიოდი იყო.
როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, ვილნიუსის სამიტი საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე წინგადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება.
"შეხვედრის დროს ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ყველაფერი ისე მიმდინარეობს, როგორც ეს ყველაზე უფრო გაუხარდებოდა ქართველ ხალხს და ლიტველ ხალხს და სულ ახლო მომავალში საქართველო ვილნიუსში კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს ევროპისკენ. უშუალოდ სამიტზე დღევანდელი მდგომარეობით დარჩენილია ხელმოწერა და ჩვენ მზად ვართ ამისთვის, მაგრამ ამ მომენტამდე რა თქმა უნდა ქვეყანა მივიდა მრავალწლიანი ძალიან მიზანმიმართული და დაძაბული შრომის შედეგად,"- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი ლიტვის სეიმის თავმჯდომარემაც გააკეთა. მისი თქმით, საქართველოში დღეს მიმდინარე პროცესები ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლისთვის. გრაუჟინიენეს შეფასებით, საქართველოს პარლამენტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცების საქმეში.