12-14 ნოემბერს აშშ-ში, ამერიკის სავაჭრო პალატის ბიზნეს-დელეგაციის ვიზიტი შედგება. როგორც ამერიკის სავაჭრო პალატაში განმარტავენ, ვიზიტი წამყვან პოლიტიკოსებთან და აზრთა ლიდერებთან შეხვედრას და მათთვის საქართველოში დღეს არსებული ეკონომიკური და დემოკრატიული პროცესების შესახებ ჭეშმარიტი და სიღრმისეული ინფორმაციის მიწოდებას ისახავს მიზნად.
ბიზნეს-დელეგაციას ხელმძღვანელობს ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი სარა უილიამსონი. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი კომპანიების აღმასრულებელი დირექტორები და სხვა მაღალი პოზიციის პირები, კერძოდ: ენდრიუ კოქსშელი - „ქეი-ფი-ემ-ჯი" (KPMG), ნილ დანი - „ბი-პი" (BP), ნინო სუქნიძე - „დი-ელ-ეი ფაიფერი" (DLA Piper), კლიფ აიზეკი - „ბი-დი-ო" (BDO); და გიორგი ჭირაქაძე - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია.
დელეგაცია გამართავს შეხვედრებს, ფორუმებსა და განხილვებს კონგრესმენებთან, სენატორების ოფისისა და საგარეო ურთიერთობის კომიტეტის წარმომადგენლებთან როგორც დემოკრატიული ისე რესპუბლიკური პარტიებიდან.
ამერიკის სავაჭრო პალატა მიიჩნევს, რომ გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს შესახებ წინააღმდეგობრივი მესიჯები ვრცელდება. ეს ვიზიტი ვაშინგტონში კი არის მცდელობა, გაიმართოს ღია და გულწრფელი საუბრები ბიზნესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ.