ქვეყნის მასშტაბით, მოსახლეობის და სასოფლო სამეურნეო აღწერა 2014 წლის 5-19 ნოემბერს ჩატარდება, აღნიშნულის შესახებ განცხადება „საქსტატის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ თენგიზ ცეკვავამ, დონორთა კონფერენციის დაწყებამდე გააკეთა.
ცეკვავას განმარტებით, მოსახლეობის საყოველთაო აღწერა „საქსტატს" დაახლოებით 18 მილიონი ლარი დაჯდება, საიდანაც ნაწილს დონორები დააფინანსებენ, ნაწილი კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
"2014 წლის აპრილში საქართველოს მასშტაბით აღწერის მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდება. კერძოდ, თითოეულ შენობაში მოსახლეობისა და შინა მეურნეობების რაოდენობების დადგენის მიზნით, მოხდება შენობებისა და მათში მცხოვრები მოსახლეობის წინასწარ შემოვლა. ამ სამუშაოებში დაახლოებით 4 ათასი ადამიანი დასაქმდება. 5-19 ნოემბერს კი მოსახლეობის აღწერა მოხდება, რისთვისაც დაახლოებით 15 ათასამდე პერსონალი შეირჩევა, რომლებიც სპეციალური კითხვარების მეშვეობით მოსახლეობას ინდივიდუალურად გამოკითხავენ", - განაცხადა ცეკვავამ.
საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის შესახებ ზუსტი მონაცემები არა უგვიანეს 2015 წლისა გახდება ცნობილი.
მასალის გამოყენების პირობები