პირველად ქართულ საბანკო სივრცეში პროკრედიტ ბანკი სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად იწყებს აგროჟურნალის გამოცემას. ბანკის ახალი ინიციატივა - ჟურნალი „პროაგრო" კვარტალურ გამოცემას წარმოადგენს და მასში ყველა ის საინტერესო თემა განიხილება, რაც ფერმერისა და მისი საქმიანობისთვის უსათუოდ საინტერესო და სასარგებლო იქნება. თემების შერჩევასა და სტატიების მომზადებაზე პროკრედიტ ბანკის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოში მოღვაწე გამოცდილი და კვალიფიციური აგროექსპერტები იმუშავებენ.
დღეს ყველა ერთხმად თანხმდება, რომ სოფლის მეურნეობა ჩვენი ქვეყნისათვის პრიორიტეტია, რომ ამ დარგს განვითარება სჭირდება, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა სოფლად ინფორმაციის ნაკლებობა და თანამედროვე ტექნოლოგიების სიმცირეა. ამიტომ, ყოველ ახალ გამოცემაში გამოქვეყნდება სასარგებლო სიახლეები და ახალი მიღწევები. ბანკი იმედოვნებს, რომ ამ საკითხების განხილვა აგროსექტორის წარმომადგენლებს წინსვლასა და განვითარებაში დაეხმარება.
ჟურნალის პირველ ნომერს პროკრედიტ ბანკის ყველა აგროკლიენტი პერსონალურად მიიღებს. ხოლო ყოველი შემდეგი გამოცემა ბანკის ყველა ფილიალში იქნება ხელმისაწვდომი.
პროკრედიტ ბანკმა აგროსექტორის დაკრედიტება ჯერ კიდევ 2002 წლიდან დაიწყო. ეს ის პერიოდია, როდესაც სოფლის მეურნეობის დაფინანსება არცერთი ფინანსური ინსტიტუტისათვის მიმზიდველი არ იყო. დღეს პროკრედიტ ბანკი ამ სფეროს დაფინანსებაში ლიდერია და საქართველოს საბანკო სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ხარისხიანი აგროპორტფელით გამოირჩევა. ასევე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ პროკრედიტ ბანკი, პირველი ბანკი იყო, ვინც ამ სფეროში კლიენტებს ინდივიდუალური, მათი ბიზნესის სეზონურობაზე მორგებული მიდგომა და რაც მთავარია, გამჭვირვალე ურთიერთობები შესთავაზა. დღეის მდგომარეობით ბანკს 4000-მდე აგროკლიენტი ჰყავს, რომელთაც საკმაოდ გამოცდილი, სპეციალურად გადამზადებული, აგრობიზნეს მრჩეველები კვალიფიციურ მომსახურებასა და სათანადო მხარდაჭერას სთავაზობენ.
„საქართველოში მოღვაწეობის მანძილზე, პროკრედიტ ბანკისათვის სოფლის მეურნეობის სექტორი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო. ამ სექტორის განვითარებას ყოველთვის დიდ ყურადღებას ვუთმობდით, რადგან მიგვაჩნია, რომ მისი ხელშეწყობით გაიზრდება ადგილობრივი წარმოება, რაც პირდაპირპროპორციულად ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე აისახება. მოხარული ვართ, რომ შეგვიძლია საქართველოში მოღვაწეობის მანძილზე დაგროვილი ცოდნა ჩვენი კლიენტების კეთილდღეობას მოვახმაროთ და განვაგრძოთ ჩვენი მისიის შესრულება - საქართველოს ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა."- აცხადებს „პროკრედიტ ბანკის" გენერალური დირექტორი საშა ტერნესი.
"მისასალმებელია პროკრედიტ ბანკის ახალი ინიციატივა, რაც აგროჟურნალის გამოცემას გულისხმობს და თავის მხრივ სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერისთვის კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯია. ის ფაქტი, რომ დღეისათვის პროკრედიტ ბანკს 4000-მდე აგროკლიენტი ჰყავს, ერთმნიშვნელოვნად მეტყველებს, რომ ბანკისათვის სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რაც საზოგადოდ და პირადად ჩემთვის მისასალმებელია.
მინდა მოგილოცოთ ახალი ჟურნალის გამოცემა და წარმატებები გისურვოთ."- განმარტავს სოფლის მეურნობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი.