2013 წლის ოქტომბერში 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0,2 პროცენტი შეადგინა. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში, ჯანმრთელობის დაცვა და ტრანსპორტის ჯგუფში.
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 8,3 პროცენტით, რამაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა და შეადგინა 0,44 პროცენტული პუნქტი. ჯგუფში ფასების მატება ძირითადად განაპირობა თამბაქოს ნაწარმზე ფასების 13,9 პროცენტიანმა ზრდამ.
ჯანმრთელობის დაცვა: მოცემულ ჯგუფში ფასები გაიზარდა 3,2 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,28 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების ქვეჯგუფზე (9,8 პროცენტი).
ტრანსპორტის ჯგუფში შემავალ საქონელზე (მომსახურებაზე) ფასები შემცირდა 3,5 პროცენტით, რამაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში -0,45 პროცენტული პუნქტი წვლილი შეიტანა. აღნიშნულ ჯგუფში ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-10,4 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-3,7 პროცენტი).