ყველა მინისტრის კანდიდატურა შესარჩევია პრემიერ-მინისტრის მიერ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ახალი მთავრობის დაკომპლექტების საკითხის კომენტირებისას ჟურნალისტებთან განაცხადა.
პარლამენტის სპიკერის თქმით, კონსტიტუცია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს აძლევს უფლებას შეარჩიოს კანდიდატები და უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინოს, რის შემდეგაც დეპუტატები შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.
"როდესაც პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე ვსაუბრობდით არჩევნების ღამეს, მე თამამად განვაცხადე, რომ იგი სადღაც აქ ჩვენს შორის არის მეთქი. შინაგან საქმეთა მინისტრთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ წუთში რესპუბლიკური პარტიის შიგნით ეს კანდიდატურა არ არის, მაგრამ მალე შეირჩევა. მინისტრების კანდიდატურებთან დაკავშირებით კონსულტაციები იქნება, მაგრამ თავის დროზე,"- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.