კონკრეტული თარიღი თუ როდის ამოქმედდება საქართველოსა და ისრაელს შორის უვიზო მიმოსვლა, ამ დროისათვის დაზუსტებული არ არის. როგორც დღეს ისრაელის საელჩოში გამართულ შეხვედრაზე, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ზეევ ელკინმა განმარტა, ვიდრე ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება, მანამდე შესაბამისი ხელშეკრულების ტექსტი უნდა მომზადდეს, რომელსაც მოიწონებს ორივე ქვეყნის მთავრობა და ამის შემდეგ ის დასამტკიცებლად ორივე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებში გადაიგზავნება.
სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი დეტალური თარიღი, თუ როდის შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები ისრაელში უვიზოდ გამგზავრებას და პირიქით.
„ისრაელის შს მინისტრმა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლაზე ხელშეკრულება გაფორმდეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ისრაელში ვიზიტისას, მან ისრაელის პრემიერ-მინისტრს მიმართა თხოვნით, რათა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ხელშეკრულება გაფორმებულიყო. ჯერ კიდევ აპრილში ჩვენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას, რომელიც იმ ადამიანებისთვის, რომელთაც დიპლომატიური პასპორტები გაჩნიათ, ქვეყანაში შესვლა ვიზის გარეშე შეძლებოდათ. ამ ხელშეკრულების დამტკიცების პროცესი სწორედ ამ ეტაპზე მიმდინარეობს პარლამენტში და ამის შემდეგ შევა ის ძალაში. იმ ურთიერთობების ხარჯზე, რაც ჩვენ ხალხებს შორისა, გადაწყვეტილება მივიღეთ ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით"- განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ზეევ ელკინმა.
ზეევ ელკინის გამარტებით, მოლაპარაკებების პირველი რაუნდი საქართველოს შს მინისტრთან უკვე გაიმართა და ხელშეკრულების მომზადების შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში მისი დამტკიცების პრობლემა არ იქნება.
„ჩვენ მონდომებულნი ვართ, რომ ამ პროცესმა რაც შეიძლება მალე ჩაიაროს და საქართველოს მოქალაქეებმა ისრაელში ჩამოსვლა უვიზოდ შეძლონ"- განმარტა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი მოადგილემ.