ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) დირექტორი ვახუშტი მენაბდე ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში არ გამორიცხავს, რომ იმ შემთხვევაში თუ ,,ნაციონალურმა მოძრაობა" კონსტიტუციაში შესატან მნიშვნელოვან ცვლილებებს ჩააგდებს და მხარს არ დაუჭერს, მმართველმა გუნდმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს.
,,არსებული მდგომარეობით მმართველ გუნდს საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის რამდენიმე ადამიანი აკლია. პარალელურად კონსტიტუციის რეფორმის პროცესი იწყება, რომელსაც საპარლამენტო უმცირესობა მხარს არ უჭერს. ამავდროულად დაახლოებით ორ კვირაში ძალაში შევა ახალი კონსტიტუცია, რომლის მიხედვით, საკონსტიტუციო უმრავლესობა 3/4 იქნება. 3/4 ეს ისეთი მარჟაა, რომელსაც მმართველი უმრავლესობა არსებული კონფიგურაციის პარლამენტში ვერასდროს დასძლევს. ამიტომ ,,ნაციონალური მოძრაობა" კონსტიტუციაში შესატან მნიშვნელოვან ინიციატივებს თუ ჩააგდებს, ეს ფაქტი ხელისუფლებას საშუალებას მისცემს მიუთითოს სახელისუფლებო კრიზისზე და მოახდინოს ხელოვნური ინსცენირება პარლამენტის დათხოვის შესახებ და დანიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რაც პრინციპში მმართველ გუნდს აწყობს", _აცხადებს მენაბდე.
მისივე განმარტებით აღნიშნული საბაბს მმართველი ძალა პარლამენტში არსებული კონფიგურაციის შეცვლისთვისაც გამოიყენებს.
,,ისინი ყოველთვის მიუთითებდნენ იმაზე რომ დეპუტატების ის რაოდენობა რომლითაც ,,ნაციონალური მოძრაობა" საკანონმდებლო ორგანოშია წარმოდგენილი, რეალურად ამდენი მხარდამჭერი არ ჰყავთ. ამიტომ საპარლამენტო უმრავლესობას მიაჩნია, რომ პარლამენტში მანდატები არასწორადაა განაწილებული. ამიტომ ამ საბაბს გამოიყენებენ და შეცვლინ კონფიგურაციას ", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ვახუშტი მენაბდემ.
შეგახსენებთ, რომ მმართველი ძალა კონსტიტუციური უმრავლესობის 3/4-დან 2/3-მდე დაწევის ინიციატივით გამოდის, რასაც საპარლამენტო უმცირესობა არ ეთანხმება. აღნიშნულ საკითხს დეპუტატები სწორედ დღევანდელ სესიაზე განიხილავენ.