2013-2014 წლების ეკონომიკური ზრდის ტენდენციებზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საჯარო განცხადებას 6 ნოემბერს გააკეთებს. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნით სებ-ის პრეზიდენტმა ქვეყანაში მიმდინარე თუ მოსალოდნელ მაკრო-ეკონომიკურ პარამეტრებზე საჯარო განცხადება, ყოველ კვარტალში უნდა გააკეთოს და საზოგადოებას მიმდინარე პროცესებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს.
როგორც გიორგი ქადაგიძე განმარტავს, 6 ნოემბერს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა ჩატარდება, რის შემდეგაც ის საჯარო განცხადებას გააკეთებს.
„საბანკო სექტორი არის საკმაოდ სტაბილური და ის განაგრძობს განვითარებას. რაც მნიშვნელოვანი და აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ ეკონომიკა განვითარდეს.
რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას ჯამურად, როგორც მიმდინარე წელს და ასევე მომავალ წელს, 6 ნოემბერს არის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა და სხდომის შემდეგ გავაკეთებთ საჯარო განცხადებას მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით"- განმარტავს ქადაგიძე.
მისივე განმარტებით, საპროცენტო განაკვეთების კლება 4 წელია უკვე სახეზეა.
„საპროცენტო განაკვეთების კლება სახეზეა უკვე 4 წელია და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა. საპროცენტო განაკვეთების კლება ეს არის პროცესი, რომელიც ასახავს ეკონომიკაში არსებულ რეალობებს. ეს არის ჯანმრთელი პროცესი"- განმარტავს ქადაგიძე.
შეგახსენებთ, რომ სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ბოლო სხდომა 25 სექტემბერს გაიმართა. სხდომაზე კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 3.75 პროცენტს შეადგენს.