ზუგდიდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის როლანდ ახალაიას განცხადებით, მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების უსამართლო დევნის გამოვლინებაა.
როგორც ახალაიამ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი შვილის, ბაჩო ახალაიას გამამართლებელი განაჩენის კომენტირებისას აღნიშნა, იგი როგორც იურისტი, დარწმუნებული იყო რომ ობიექტურ და მიუკერძოებელ სასამართლოს სწორედ ასეთი განაჩენი უნდა მიეღო.
"რა თქმა უნდა, როგორც იურისტი ველოდი, რომ სასამართლო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდა. ჩვენდა საბედნიეროდ და მართლმსაჯულების საბედნიეროდ სწორედ ასეთი განაჩენი იქნა დღეს გამოტანილი. რაც შეეხება წინა გადაწყვეტილებას, იმ სამარცხვინო განაჩენს, რომელიც დაადგინა ლაშა ჩხიკვაძემ, მე უბრალოდ მინდა მივულოცო მას ქურდულ სამყაროსთან გაერთიანება. დღეს ამაყობენ მისი ნათლიები, ზედელაშვლი და მამარდაშვილი და არ მგონია შვილებმა იამაყონ. მოვა დრო და ის პასუხს აგებს მის დანაშაულებრივ ქმედებებზე. ჩვენ შურისძიებაზე არასოდეს ვიყავით ორიენტირებულნი და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. სამწუხაროდ ჯერ კიდევ უსამართლოდ მიდის ჩვენი ოჯახის დევნა,"- განაცხადა როლანდ ახალაიამ.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახლაიას და მასთან ერთად ბრალდებულებს ე.წ. 7 სპეცრაზმელის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა.