კულტურის მინისტრის მოადგილის მანანა ბერიკაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ინაუგურაციას შესაძლოა კონკრეტული სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი არ ჰყავდეს. როგორ ჟურნალისტებთან ბერიკაშვილმა პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით შექმნილი სამთავრობო კომისიის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, შესაძლოა 17 ნოემბერს დაგეგმილ ინაუგურაციაზე სახელმწიფო ჰიმნი ოპერის თეატრის ორკესტრმა და კაპელამ შეასრულოს.
„თქვენ ალბათ გახსოვთ, რომ ჩავატარეთ 26 მაისის ღონისძიება, რომელსაც კონკრეტული რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი არ ჰყოლია. ამის განმახორციელებელი ძირეულად კულტურის სამინისტრო იყო. გნებავთ დამარქვით, რომ რეჟისორი მე ვიყავი. ამ წუთებში ამ საკითხზე მსჯელობა არ მიმდინარეობს, პირველი შეხვედრაა და საუბარი გვექნება როგორი უნდა იყოს ინაუგურაციის ფორმატი",_ განაცხადა ჟურნალისტებთან მანანა ბერიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ წუთებში პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით შექმნილი სამთავრობო კომისიის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც სხვა და სხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები ესწრებიან.