საქართველოს იუსტიციის მინისტრმა „ბი-ბი-სი"-ს ტელეწამყვან ზეინობ ბადავის შეკითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხა.
„გუშინ საქართველოს მოსახლეობამ ხმა მისცა საქართველოს ევროპულ გზას, ევროპულ მომავალს. მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტი იქნება ის პიროვნება, რომელიც ნოემბერში ვილნიუსის სამიტზე ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დოკუმენტს. ეს არის ის გზა, რომელიც ქართველმა ხალხმა გუშინ აირჩია", - განაცხადა „ბი-ბი-სი"-ს ეთერში თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრმა „ბი-ბი-სი"-ს ეთერში სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა: „ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული სამომავლო სტრატეგია. ვმუშაობთ სასამართლო რეფორმასა და, ზოგადად, ინსტიტუტების რეფორმაზე. ჩვენი უმთავრესი მიზანია სახელმწიფო მმართველობის ევროპული სისტემა, სადაც ინსტიტუტები დამოკიდებულია არა პიროვნებებზე, არამედ ფუნქციონალურ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე".
გადაცემის წამყვანმა იუსტიციის მინისტრს შეკითხვა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებსა და დასავლურ პოლიტიკურ ორიენტაციაზეც დაუსვა. „გასული წლიდან საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ დაიწყო ურთიერთობების ნორმალიზება რუსეთის ფედერაციასთან. ამასთან, ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, დავეხმაროთ საქართველოს მოსახლეობას, გაუძლოს რუსეთის ფედერაციის წნეხს, რომელიც მიზნად საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევას გულისხმობს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
გადაცემის წამყვანი ზეინობ ბადავი დაინტერესდა, წარდგება თუ არა მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს წინაშე უკვე მას შემდეგ, რაც ის საქართველოს პრეზიდენტი აღარ იქნება.
„მე არ ვარ პროკურორი, შესაბამისად, მე ვერ მეცოდინება, რა კითხვები შეიძლება ჰქონდეს საქართველოს პროკურატურას როგორც მიხეილ სააკაშვილის, ისე საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის წინაშე. ერთადერთი, რაც ვიცით, არის ის, რომ პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობას ასრულებდა, ძალზე მძიმე ბრალდებები აქვს წაყენებული, რომელთა შორის არის საქმე, რომელიც ადამიანის მკვლელობას ეხება", - უპასუხა იუსტიციის მინისტრმა.