საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები კიდევ ერთხელ შეაფასა და აღნიშნა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის" მეორე ადგილი ქმნის მყარ საფუძველს შემდგომი ბრძოლისა და გამარჯვებისთვის.
პრეზიდენტი ,,ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრებს შეხვდა და მათთან საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ისაუბრა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, იმის მიუხედავად, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებისა და მისი წევრების მიმართ ზეწოლა ხორციელდებოდა, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ არჩევებში დაბალი აქტივობა იყო, გამოვლენილი შედეგი კარგი საწყისია მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალისთვის.
მიხეილ სააკაშვილმა დაუღალავი შრომისთვის, მადლობა გადაუხადა ,,ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატს, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს და ასევე ,,ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს. ამას გარდა, მან მადლობა გადაუხადა თითოეულ ამომრჩეველს, რომელმაც მხარი დაუჭირა ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატს.
,,მინდა მივმართო იმ ხალხს ვინც ჩვენს კანდიდატს დაუჭირა მხარი გუშინდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე და მინდა ვთქვა, რომ ის შედეგი რომელიც დაფიქსირდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გავედით მეორე ადგილზე. ჩვენ გავედით მეორე ადგილზე, მაგრამ ეს არის ისეთი მეორე ადგილი, რომელიც მყარ საფუძველს ქმნის შემდგომი ბრძოლისთვის და შემდგომი ჩვენი გამარჯვებებისთვის",_განაცხადა სააკაშვილმა.