თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის თეა თუთბერიძის განცხადებით, მთავარი პროკურატურის მიერ შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიასთავის ბრალის დამძიმება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და აღნიშნულს სამართლიანობასთან არავითარი კავშირი არ აქვს.
როგორც თუთბერიძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, ახალაიას ოჯახის წევრებისთვის სრულიად წარმოუდგენელი იყო, რომ შესაძლოა მისთვის დამატებით ბრალი წარედგინათ.
"არც ერთი ნორმალური ადამიანი ვერ იფიქრებდა, რომ მსგავს სისულელეს გააკეთებდა ეს ხელისუფლბა. ყველაფერი შეიძლებოდა გეფიქრა, მაგრამ ასეთი ტიპის სისულელე რაც მათ დღეს გააკეთეს, ასეთი რამე მათ შესაძლებლობებაც კი სცდება ჩვენს წარმოდგენაში. ეს არის უკვე იმის გამოვლინება, რომ ბაჩო ახალაია არის ამ ხელისუფლების ტყვე, ამას არაფერი არ აქვს საერთო სამართლიანობასთან. ამ ქმედებით, რაც დღეს პროკურატურამ გააკეთა, კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ ბაჩო ახალაია ამ ქვეყანაში არის პოლიტიკური პატიმარი და თუ ვინმე როდესმე ყოფილა პოლიტკური პატიარი, ეს არის ბაჩო ახალაია.,"- განაცხადა თეა თუთბერიძემ.
თუთბერიძე თვლის, რომ ახალაიას უდანაშაულობაზე გასული 12 თვის განმავლობაში მიმდინარე სასამართლო პროცესებზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სამართლებრივი არგუმენტები და მოწმეებიც მეტყველებენ.
"მის ამ ბრალდებას და სხვა ბრალდებებს სამართალთან არანაირი კავშირი არ ჰქონიათ და ეს გამოჩნდა ამ 12 თვის განმავლობაში იმ სასამართლო პროცესებზე, სადაც ჩვენ ვუყურებდით ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ უსუსურ მოწმეებს, რომლებიც ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს აძლევდნენ და დაზეპირებულ ტექსტებსაც კი ვერ ყვებოდნენ, რომლებსაც მათ პროკურატურაში აზეპირებინებდნენ. ეს ყველაფერი ძალიან ცუდად შემოუბრუნდება უკან ამ ხელისუფლებას და ვაძლევ გარანტიას თითოეულ იმ პირს, ვინც დღეს ეს გადაწყვეტილება მიიღო, უმკაცრესად აგებენ პასუხს ადრე თუ გვიან. ყველა უმკაცრესად დაისჯება, დაწყებული ნარკომანი ლაშა ნაცვლიშვილით, დამთავრებული კბილაშვილით და ყველა იმ პირით, ვინც ამ ყველაფერში არის ჩართული და ვინც ამ პროცესებს გეგმავს,"- აღნიშნა თუთბერიძემ.
თეა თუთბერიძე ახალაიასთვის ბრალის დამძიმებას ძირითადად, მოახლეობულ საპრეზიდენტო არჩევნებს და დიდი ალბათობით შესაძლო მეორე ტურსაც უკავშირებს და მიიჩნევს, რომ ხელოისუფლებამ ბაჩო ახალაიას სახით სერიოზული საფრთხე დაინახა და ამიტომ მისთვის თავისუფლების დამატებით შეზღუდვის გადაწუყვეტილება იქნა მიღებული.
"რა თქმა უნდა ეს ყველაფერი უკავშირდება წინასაარჩევნო პერიოდს. მათ აქვთ შიში იმისა, რომ ამ არჩევნების შემდეგ ბაჩო ახალაია დატოვებს ციხეს და მათ ასევე ეშინიათ იმის, რომ შესაძლოა მეორე ტური გახდეს საჭირო და გარეთ გამოსული ბაჩო ახალაია ამ ხელისუფლებას დააკარგვინებს ძალიან ბევრ ხმას. ეს ყველაფერი იმდენად სასაცილოა, არ ვიცი რა უნდა ვთქვა. გინდა კენედის მკვლელობა დაგიბრალებია ბაჩო ახალაიასთვის და გინდა ეს. ორივე ერთი დონის სისულელეა. სიტყვებიც არ მყოფნის ამ ყველაფერს შეფასება მივცე,"-აღნიშნა თუთბერიძემ.
შეგახსენებთ, რომ ბაჩო ახალია სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამოძიების ფარგლებში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში ბრალდებულის სახით მიეცა.
როგორც მთავარ პროკურატურაში განმარტავენ, გამოძიებით უტყუარად დადგენილია, რომ ბაჩანა ახალაიამ, რომელიც დაკისრებული მოვალეობებისა და საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ მოქმედებდა, საკუთარი ძმის - დავით ახალაიასა და სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში მონაწილე სხვა პირთათვის უკანონო უპირატესობის მინიჭების მოტივით, დაარღვია საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებები, საქართველოს კონსტიტუცია, მოქმედი კანონმდებლობა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, სასჯელაღსრულების N7 და N10 დაწესებულებების საქმიანობაში უკანონო ჩარევის გზით, არაერთი უკანონო დავალებისა და განკარგულების გაცემით, განაპირობა ს. გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში მსჯავრდებულ პირთა: გ. ალანიას, ა. ღაჭავას, ა. აფციაურისა და მ. ბიბილურიძის მიმართ დადგენილი განაჩენის არასათანადო აღსრულება, ამ პირთა მიერ სასჯელის მოხდის მთელი ვადის განმავლობაში მათთვის უკანონო შეღავათების დაწესებისა და კანონით აკრძალული განსაკუთრებული პირობების შექმნის გზით.
ამ წუთებში ბაჩო ახალაიასთვის ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს.
პროკურატურა ქ.თბილისის სასამართლოს ბაჩო ახალაიას დაპატიმრობის შუამდგომლობით მიმართავს.