,,ობიექტივის" დამფუძნებელი ირმა ინაშვილი არ გამორიცხავს, რომ ტელე-რადიოკომპანია ობიექტივისთვის" მაუწყებლობის შეფერხება მიზანმიმართულად ხდებოდეს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ინაშვილმა განაცხადა მისთვის გაუგებარია რატომ მოხდა არჩევნებამდე 5 დღით ადრე "სტერეო პლუსის" სიხშირის გამორთვა, რომლის საშუალებით ,,ობიექტივი" საქართველოს მასშტაბით მაუწყებლობს.
,,ფაქტია, "სტერეო პლუსის" შპს "საქართველოს ტელე-რადიოცენტრის" თითქმის ორთვიანი დავალიანება აქვს, მაგრამ გაუგებარია რატომ არ შეიძლებოდა მაუწყებლობის შეწყვეტის გადატანა თუნდაც რამდენიმე დღით და რატომ მოხდა არჩევნებამდე 5 დღით ადრე "სტერეო პლუსის" სიხშირის გამორთვა. თუმცა, ,,ობიექტივის" მაუწყებლობა შეწყვეტილი არ არის საკაბელო ქსელებში, იგივე თანამგზავრით, იგივე 25 არხის საშუალებით გავდივართ, მაგრამ საქართველოს მასშტაბით ,,სტერეო პლუსის" სიხშირით ვმაუწყებლობთ რის გამოც ავტომატურად ამოვვარდით სიხშირიდან. არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე როცა ამომრჩეველი ობიექტური ინფორმაციის მიღებას ელოდება, ასევე მათ ს ,,ობიექტივის" საშუალებით შუძლიათ საკუთარი აზრიც გამოთქვან, ასეთ ვითარებაში სრულიად გაუგებარია ამგვარი ქმედება", _განაცხადადა ირმა ინაშვილმა, რომელიც ,,ჯი-ეიჩ-ენის" შეკითხვას, შესაძლოა, ,,ობიექტივის" მაუწყებლობის შეფერხება მიზანმიმართულად ხდებოდეს პასუხობს:
,, სამწუხაროდ, შპს "საქართველოს ტელე-რადიოცენტრში" ისევ მუშაობენ ადამიანები რომლებიც თავის დროზე, ცხრა წლის წინ, ანალოგიური ხერხებით გვირთავდნენ ტელევიზიას", _განაცხადა ირმა ინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ტელე-რადიოკომპანია "ობიექტივის" მაუწყებლობა ამ დრომდე შეწყვეტილია. შპს "საქართველოს ტელე-რადიოცენტრის" ინფორმაციით ამის მიზეზი ცენტრის მიმართ ,,სტერეო პლუსის" დავალიანებაა, რომლის სიხშირეზეც მედია-კავშირი "ობიექტივი" 24 საათის განმავლობაში მაუწყებლობს.
"სტერეო პლუსის" დირექტორ დავით ზილფიმიანის თქმით, ის ტელეფონით ესაუბრა ტელერადიოცენტრის ხელმძღვანელობას და გადაწყდა, რომ ობიექტივი დღეიდან ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მაუწყებლობას. დავალიანების დაფარვას კი ზილფიმიანი რამდენიმე დღეში საქართველოში დაბრუნების შემდეგ გეგმავს.