საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმის გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს და მთავარი პროკურატურის პრეროგატივაა.
მისივე თქმით, პარლამენტის დადგენილების თანახმად, შსს ვალდებულია გამოძიების შედეგები აღნიშნულ საკითხზე შექმნილ საპარლამენტო კომისიას გადაუგზავნოს.
"დარწმუნებული ვარ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა ყველა ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, როგორ და რატომ ჩატარდა ეს სპეცოპერაცია და რატომ იყო ეს მსხვერპლი, ამ კითხვებს პასუხი გაეცემა. რაც შეეხება საზოგადოებრივ კომისიას, ბუნებრივია, მათ ამის უფლება აქვთ და ძალიან კარგია თუ დამატებით ინფორმაციას და ფაქტებს მოიპოვებენ და მიაწვდიან გამოძიებას. ჩვენ პარლამენტის დადგენილებით დავადგინეთ, რომ ლაფანყურის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტს პერიოდულად ჰქონდეს ინფორმაცია,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ ლაფანყურში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალების შესწავლის მიზნით სახალხო დამცველის აპარატთან 12 წევრისგან შემდგარი საზოგადოებრივი კომისია შეიქმნა. აღნიშნული კომისიის შემადგენლობაში ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი, პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი, იურისტი ლია მუხაშავრია, პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია, ექპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე, ექსპერტი კახა კახიშვილი, უმარ იდიგოვი, ზაურ გუმაშვილი, ხასო ხანგოშვილი, მორატ ქავთარაშვილი, თამარ გაბისონია და გელა ნიკოლაიშვილი შედიან.