საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2008 წელს სამეგრელოში ჩატარებული ოპერაციის დეტალების გახმაურების ფაქტს წინასაარჩევნოდ პოლიტიკური სიტუაციის დაძაბვის მცდელობად აფასებს.
სააკაშვილის თქმით, ხელისუფლებამ წინასაარჩევნო დაპირებები ვერ შეასრულა და კომპრომატების გამოქვეყნების რეჟიმზეა გადასული.
ამასთან, ქვეყნის პირველი პირი ექს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების თემის წამოწევას ხელოვნურად ინსპირირებულს უწოდებს და მიიჩნევს, რომ ხელისუფლებაში მოსვლით დაინტერესებულმა ყველა ოლიგარქმა გარდაცვლილი პრემიერის ძმა გოგლა ჟვანია საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენა.
"თქვენ ვერ ხვდებით რატომ არის ეს, ვერ ხვდებით არჩევნების წინ 5 წლის, 6 წლის წინანდელი ამბები, ჟვანიას ისტორია წამოიწია. ყველა ოლიგარქს ჰყავდა ჟვანიას ძმა, პატარკაციშვილსაც, უნდოდა ამ ისტორიის გამო. სიაში შეიყვანა ჟვანიას ძმა. რომელი დიდი პოლიტიკოსია ის?! ჟვანია იყო დიდი პოლიტიკოსი, მისი ძმა ვინ არის?! მხოლოდ ამისთვის შეიყვანეს, ნუთუ ვერ ხვდებით?! თავს ხომ არ გაისულელებთ ვერც მე და ვერც თქვენ?! რაზეა დღეს აქ საუბარი: დღეს არის საუბარი კონკრეტულ მცდელობაზე იმ ადამიანის, რომელმაც მოატყუა საქართველო შარშან არჩევნების წინ ე.წ. კომპრომატებით, ვერც ერთი დაპირება ვერ შეასრულა და აგრძელებს ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობას სიცრუით. დღეს კიდევ ერთი თემა გამოიგონეთ, მეორე ხვალ და რომელიმე გვირაბის გათხრა დამაბრალეთ აქედან. ფაქტია, რომ საქართველო შენდებოდა და საბოლოო ჯამში მათ დაუყენეთ საკითხი - რატომ მოგვატყუეთ და რატომ შეაჩერეთ შენება. ეს იქნება ქართველი ხალხის რეაქცია მათზე და არა ის, მორიგი "ასავალ-დასავალის" ჭორს ვინ გამოაცხობს,"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.