"სააკაშვილი რომ პოლიტიკური გვამია, ეს ჩვენ გვესმის 2008 წლიდან მოყოლებული, ძირითადად ამას ორი პოლიტიკოსი ამბობდა და ძირითადად ამ განცხადებებს ვისმენდით ხოლმე რუსულ ენაზე,"- ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი გაბაშვილმა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ ფრანგული გამოცემა "ფრანს პრესისთვის" მიცემულ ინტერვიუში გაკეთებული განცხადების კომენტირებისას ისაუბრა, სადაც საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი ქვეყნის პრეზიდენტს პოლიტიკურ გვამს უწოდებს.
"ამას ხან იმეორებდა პუტინი, ხან მედვედევი და ამას კიდევ ერთი პატივცემული გვამი დაემატა ამიერიდან, ბატონმა ივანიშვილმაც პოლიტიკური გვამი უწოდა სააკაშვილს. მინდა ვუთხრა მათ, რომ ნუ აჩქარდებიან, პოლიტიკა არ არის ერთწლიანი და ორწლიანი მოვლენა. არჩევნებში ერთხელ გამარჯვება ეიფორიაში დიდად ნუ ჩააგდებთ, ნუ გადაყვებიან პოლიტიკურ ბოღმებს. რაც შეეხება დაკითხვას, სააკაშვილის დაპატიმრებას და ასე შემდეგ, რაც არაერთხელ მოგვისმენია პუტინისგან და მედვედევისგან, ვიცით, რომ ეს მათი ოცნებაა, ვიცით, რომ ეს მათი ქართველი ქვეშევრდომების ოცნებაც არის, მაგრამ ვნახოთ, წყნარად მივყვეთ პოლიტიკურ მოვლენებს,"- განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს წინაშე წარსდგება და დაიკითხება.
ივანიშვილი ფრანგული გამოცემა "ფრანს პრესისთვის" მიცემულ ინტერვიუში ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს პოლიტიკურ გვამს უწოდებს და აღნიშნავს, რომ პროკურორები გადაწყვეტილებებს გამოძიებაზე დაყრდნობით მიიღებენ, ამიტომ ეს არ იქნება პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი.
"ჩემი ზრით, სააკაშვილს ბევრ შეკითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი და სწორედ ამიტომ, არსებობს დიდი ალბათობა, რომ ის დაიკითხოს,"- განაცხადა ივანიშვილმა.