"მიხეილ სააკაშვილისთვის პოლიტიკური გვამის წოდება კიდევ კარგი და იოლი შეფასებაა,"- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ ფრანგული გამოცემა "ფრანს პრესისთვის" მიცემულ ინტერვიუში გაკეთებული განცხადების კომენტირებისას ისაუბრა, სადაც საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი ქვეყნის პრეზიდენტს პოლიტიკურ გვამს უწოდებს.
"ჩემი აზრით, პოლიტიკურ გვამზე მეტიც იქნება. რაც შეეხება იმას, იქნება თუ არა მასთან შეკითხვები, რა თქმა უნდა, იქნება მასთან შეკითხვები. უბრალოდ, თუ საქართველოს ინტერესში არ იქნება ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრება, ის არ იქნება დაპატიმრებული მარტო იმიტომ, რომ ვიღაცამ შური უნდა იძიოს. ამიტომ, ყველაფერ ამაში მე, თქვენ და პრემიერი ვერაფერს ვერ ვიზამთ. ეს არის სასამართლოს საქმე. თუ აღმოჩნდება დანაშაული, პასუხს აგებს, არავინ არ იქნება დაცული და თუ აღმოჩნდება უმნიშვნელო დანაშაული, გასაგებია, რომ ასე არ მოხდება. შეკითხვები მასთან არის და აუცილებლად იქნება, მათ შორის მასთან შეკითხვები ექნება პროკურატურასაც,"- განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს წინაშე წარსდგება და დაიკითხება.
ივანიშვილი ფრანგული გამოცემა "ფრანს პრესისთვის" მიცემულ ინტერვიუში ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს პოლიტიკურ გვამს უწოდებს და აღნიშნავს, რომ პროკურორები გადაწყვეტილებებს გამოძიებაზე დაყრდნობით მიიღებენ, ამიტომ ეს არ იქნება პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი.
"ჩემი ზრით, სააკაშვილს ბევრ შეკითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი და სწორედ ამიტომ, არსებობს დიდი ალბათობა, რომ ის დაიკითხოს,"- განაცხადა ივანიშვილმა.