ქუთაისის საქალაქო სასამართლოში კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილისა და ,,ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის პროცესზე ერთ-ერთი მოწმის ბორის ჩოფიანის დაკითხვა მიმდინარეობს. ჩოფიანმა სასამართლო პროცესზე ე.წ. ჩანაწერი გამოიტანა და ამის მიხედვით გასცა პასუხი მოსამართლის მიერ დასმულ შეკითხვებს, რაც ჭიაბერაშვილისა და მერაბიშვილის ადვოკატებმა გააპროტესტეს.
მათი განცხადებით, ბრალდების მხარის მოწმეებმა ე.წ. შპარგალკა მოიტანეს და წინასწარ დაწერილ ტექსტებს კითხულობდნენ.
ჭიაბერაშვილმა სასამართლო პროცესზე განმარტა, რომ თუ ბრალდების მხარის მიერ 4000-მდე მოწმემ წინასწარ დაწერილი ტექსტი უნდა წაიკითხოს მაშინ ის მოითხოვს ექსპერტიზის ჩატარებას იმის დასადასტურებლად რამდენად ეკუთვნის წარმოდგენილი ჩანაწერი ბრალდების მხარის მოწმეებს.
,,თუ 4000-მდე მოწმე სასამართლო პროცესზე შპარგალკით უნდა მოვიდეს, მაშინ რა აზრი აქვს პროცესის ჩატარებას, პირდაპირ მოვითხოვ ჩამსვათ ციხეში. მოვთტხვ ექსპერტიზის ჩატარებას არის თუ არა ეს ჩანაწერი მოწმის მიერ დაწერილი, რადგან არის ბევრი საეჭვო გარემოება", _აცხადებს ჭიაბერაშვილი.