კოალიცია "ქართული ოცების" საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერების სააგიტაციო მასალის განადგურების ფაქტს გამოეხმაურა და მის ოპონენტებს მოუწოდა გაიხსენონ, თუ რა ხდებოდა საქართველოში წინა არჩევნების პერიოდში.
"თუ ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი, ეს არის მიუღებელი და სამარცხვინო, ეწინააღმდეგება იმ დიდ პოლიტიკურ მიზანს, რომელიც აქვს კოალიცია "ქართულ ოცნებას", რომ ეს არჩევნები იყოს შეფასებული ევროპული სტანდარტით და იყოს უპრეცედენტო საქართველოსთვის. როდესაც ეს ხალხი დღეს მე მელაპარაკება, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა ჩაერიოს თურმე იმაში, რომ სადღაც პლაკატი ჩამოუხევიათ, მე შემიძლია საერთაშორისო თანამეგობრობის გარეშეც ვთქვა, მე ვგმობ ნებისმიერ პლაკატის ჩამოხევას, ეს არის ჩვენთვის მიუღებელი, მაგრამ მთლად ამნეზიაც ნუ დაგემართებათ, გაიხსენეთ, რას აკეთებდით ერთი წლის წინ,"- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ცნობისთვის, "ნაცონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის დავით ბაქრაძის წინასაარჩევნო პლაკატების ჩამოხევის ფაქტთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა. როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრმა თინათინ ბოკუჩავამ აღნიშნა, ბაქრაძის წინასაარჩევნო აგიტაცია ხელისუფლების მიერ ფერხდება.