საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ძმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგლა ჟვანია მისი ძმის გარდაცვალების ვერსიასთან დაკავშირებით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გარდაცვლილისთვის ღირსების შემლახავად აფასებს და მიიჩნევს, რომ ძალიან მალე აღნიშნული საქმე გაიხსნება, რის შემდეგაც საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცემა.
გოგლა ჟვანიას განცხადებით, იგი აქტიურად თანამშრომლობს პროკურატურასთან, ფლობს ინფორმაციას რა სტადიაშია გამოძიება და რა მასალებს ფლობს საგამოძიებო უწყება, აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ეს საქმე უახლოეს თვეებში აუცილებლად გაიხსნება და საზოგადოებისთვის პასუხგაუცემელი კითხვები არ დარჩება.
ამასთან, გარდაცვლილი ექს-პრემიერის ძმა მიიჩნევს, რომ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეში აშკარად იკვეთება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის და იუსტიციის სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელის ზურაბ ადეიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი.
"მე არ ვარ არც პროკურორი, არც იურისტი, დაველოდოთ გამოძიებას და ბუნებრივია, დადგება სხვადასხვა ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი. სულ მცირე, სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი არიან ის ადამიანები, რომლებიც ხელს აფარებდნენ მკვლელებს და ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული,"- განაცხადა გოგლა ჟვანიამ.
გარდაცვლლი ექს-პრემიერის ძმა აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ყველაზე უკეთ იცის თუ რა კითხვებზე მოუწევს გამოძიებისთვის პასუხის გაცემა, ამიტომ აგონიურ მდგომარეობაშია და თუ გასულ წლებში ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების თაობაზე ღირსების შემლახავ ვერსიებს სააკაშვილის სპეცსამსახურები ავრცელებდნენ, დღეს ამით პირადად პრეზიდენტია დაკავებული.
"ის ბინძური ვერსია, რომლის წამოწევასაც შეეცადა სააკაშვილი, ასევე მათი შეთითხნილია და ესეც მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულია. კიდევ რაზე მოუწევთ ამ ადამიანებს სისხლის სამართლებრივი პასუხისგება, ეს გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადებით მან თავს უფლება მისცა და სცადა გაეკეთებინა ზურას ღირსების შემლახველი განცხადებები. როგორც ჩანს, ამ ადამიანს რაღაც რაღაცეები გულზე ძალიან მოხვდა და იგი ხვდება, რომ დგება ის მომენტი, როდესაც დადგება მისი რეალური პასუხისმგებლობის საკითხი და როდესაც გამოძიება დასრულდება, დადგება სააკაშვილის მიმართ საკმაოდ სერიოზული კითხვები. ამ ადამიანმა ყველაზე უკეთ იცის რაზე მოუწევს მას პასუხის გაცემა როგორც ჩანს, აგონიურ მდგომარეობაშია, აღელვებულია და რას ლაპარაკობს თვითონ ვერ ხვდება. რაზეც მან ისაუბრა, ეს არახალია, აქამდე ამის ტირაჟირებას მისი სპეცსამსახურები აკეთებდნენ. მისთვის სამწუხაროდ მას აღარ ჰყავს სპეცსამსახურები, გარემოცვაც საკმაოდ შეუთხელდა და როგორც ჩანს, თვითონ გადაწყვიტა ამ ფუნქციის შესრულება. ეს ყველაფერი მისთვის ძალიან ცუდად დამთავრდება,"- განაცხადა გოგლა ჟვანიამ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეში ადამიანის პირად ცხოვრებაზეა საუბარი და აღნიშნულთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დასკვნა ოჯახისთვის ცნობილია.
პრეზიდენტის თქმით, იგი ენდობა გამოძიების იმ დასკვნას, რომლის თანახმად დადგენილია, რომ ზურაბ ჟვანია გაზით მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა.
"მე არ ვიცი ვინ რას ლაპარაკობს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით. მინდა აღვნიშნო, რომ ის ჩემი მეგობარი იყო და ჩვენ ეს დასკვნა არ გამოვაქვეყნეთ გასაგები მიზეზების გამო. იმიტომ, რომ საქმე ეხებოდა ადამიანის პირადი ცხოვრების ბევრ ძალიან ღრმა და ისეთ დეტალს. ჩემთვის ზურაბის სახელი იყო წმინდათაწმინდა და თუ ვინმესთვის ეს არ არის ხელშეუხებელი, მათ შორის მისი რომელიმე ოჯახის წევრისთვის, მათ სინდისზე იყოს. მე ძალიან მიყვარდა ზურაბ ჟვანია და მისი რეპუტაცია. მისი სახელი და ხსოვნა ჩემთვის წმინდათაწმინდაა. დანარჩენი ეს ისეთი რაღაცეებია, ყველამ ყველაფერი კარგად იცის. საქართველო პატარა ქვეყანაა, ყველამ ყველაფერი იცის და ზღაპრები მოუყვნენ ერთმანეთს და "ასავალ დასავალის" ჟურნალისტებს,"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიების თაოაბზე კომენტარი საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმაც გააკეთა. მისი თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების საქმეზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, თუმცა მისი გახსნის ზუსტი თარიღის პროგნოზირება ჯერ-ჯერობით შეუძლებელია.
როგორც კბილაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქმის გამოძიების ფარგლებში დამატებით არაერთი მნიშვნელოვანი მოწმე გამოიკითხა და მათ შორისაა ნათელა მოდებაძეც, რომელიც აცხადებს, რომ ჟვანიას გარდაცვალების ღამეს შემთხვევის ადგილზე საეჭვო გარემოებები საკუთარი თვალით ნახა.
"ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდიანარეობს. რა თქმა უნდა პროგნოზირება იმისა, თუ რა შედეგი დადგება, ჩემი მხრიდან არამართებული იქნება, დაველოდოთ მოვლენებს. ყველა ადამიანი, მათ შორის ეს ქალბატონიც გამოკითხულია, სხვათა შორის პროკურატურის მხრიდან, ნათელა მოდებაძეზეა საუბარი. მე არ ვიცი, მიჭირს დროის პროგნოზირება, იმიტომ, რომ გარკვეული მოქმედებები როდის დასრულდება, მათი შედეგები როდის გახდება ცნობილი, ეს ჩვენგან პროგნოზირებას არ ექვემდებარება, აქედან გამომდინარე, თარიღის განსაზღვრა არამართებული იქნება, მაგრამ როგორც ადრე, ახლაც ვიმეორებ, რომ ეს ეს საქმე აუცილებლად გაიხსნება და ყველას ეცოდინება სრული სიმართლე,"- განაცხადა არჩილ კბილაშვილმა და დასძინა, რომ ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის გვამების ეგსჰუმაციის საკითხი ჯერ-ჯერობით დაზუსტებული არ არის.
შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების საქმე მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ზურაბ ჟვანიასთან ერთად გარდაცვლილი ქვემო ქართლის ყოფილი გუნებერნატორის რაულ უსუპოვის მამამ TV-3- სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში აღმოჩენილი ახალი გარემოებების გამო, საქმეზე ოფიციალური ვერსია უახლოეს მომავალში შესაძლოა, სრულიად შეიცვალოს.
იაშირ უსუპოვი აცხადებს, რომ მომხდარიდან 8 წლის შემდეგ საქმის დალუქული მტკიცებულებების გახსნის შედეგად დაგენილია, რომ მისი შვილის ტანსაცმელი დასვრილია, რის გამოც ოჯახს უჩნდება ეჭვი, რომ სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე რაულ უსუპოვი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა.
ამასთან, გარდაცვლილის მამა აღნიშნავს, რომ რაულ უსუპოვის ერთ-ერთი ფეხსაცმელი, რომელიც მტკიცებულებებიდან გაუჩინარებული იყო, აღმოჩნდა, რომ ის საქმეში დევს, თუმცა სრულიად განსახვავეული ზომის, ფორმის და სხვა ბრენდის.
იაშირ უსუპოვის აღნიშნავს, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს მტკიცებულებების გაყალბებას და ხელახალი ძიების დასრულების შემდეგ, საქმეს უბედური შემთხვევის კვალიფიკაცია შეეცვალოს და მკვლელობის კვალიფიკაცია მიეცეს.
"მალე ყველა დავინახავთ, რომ ოფიციალური ვერსია თავდაყირა დადგება. ეს იყო პოლიტიკური ხასიათის დაგეგმილი მკვლელობა და ეს ყველამ იცის. მალე დადგინდება, რომ გაზით არ არიან მოწამული. ჩემი შვილი თუ არა, მაშინ სხვა ვინმე იქნებოდა იქ სცენარის გასაფორმებლად. დადგეს უაზრო სცენარი, რომლისაც თვითონაც არ სჯერათ. რომ გახსნეს მტკიცებულებები და ვნახეთ შარვალი, ის ისეა დასვრილი ტალახით, რომ იმ შარვლით ქუჩაში არავინ ივლის, მით უმეტეს თანამდებობის პირი. ეს იმას ნიშნავს, რომ იქ მოხდა რაღაც ჩხუბი და შეხლა-შემოხლა,"- განაცხადა იაშირ უსუპოვმა და დასძინა, რომ თუ უახლოეს პერიოდში აღნიშნული საქმის ძიება სათანადო შედეგით არ დასრულდება, არ არის გამორიცხული ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის გვამების ეგსჰუმაციაც მოხდეს.
არსებული ინფორმაციით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში განახლებული საქმის ძიება ფინალურ სტადიაშია და ახალი მოწმეებიც დაიკითხნენ, რის შედეგდაც აღმოჩენილია ახალი გარემოებები.
საქართელოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას და ქვემო ქართლის გუბერნატორის ყოფილი მოადგილის რაულ უსუპოვის ცხედრები საბურთალოს ქუჩის 53-ში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში 2005 წლის 3 თებერვალს აღმოაჩინეს.