საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი მისი სისტემის წინსვლის მაგალითად შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას სისხლის სამართლის საქმეს ასახელებს.
კბილაშვილის თქმით, ზოგ შემთხვევაში შესაძლოა, სასამართლოს გადაწყვეტილება საზოგადოების მოლოდინისგან განსხვავდებოდეს, მაგრამ ამ ფაქტმა უკან დაბრუნების განცდა არ უნდა შექმნას.
მთავარი პროკურორისვე თქმით, ის ფაქტი, რომ ახალაია ერთ-ერთ ეპიზოდში გამართლდა, სასამართლოს პროკურატურისგან დამოუკიდებლობას ადასტურებს, რაც შეეხება ახალაიას საქმის მსვლელობის სავარაუდო სცენარს, არჩილ კბილაშვილს პროგნოზების გაკეთება უჭირს, თუმცა განმარტავს, რომ პროკურატურა კარგადაა მომზადებული.
"მე ვერ გავუკეთებ პროგნოზირებას იმას, თუ რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო და ეს არის ძალიან კარგი პოლიტიკა და ტენდენცია, რომ პროკურორი ამის პროგნოზირებას ვერ მოახდენს. რაც არ უნდა იყოს, ჩვენ მას მივიღებთ და ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად. როგორი მძიმეც არ უნდა იყოს, სასიამოვნოზე არ არის საუბარი. ის ჩვენ უნდა მივიღოთ როგორც დემოკრატიული გარდაქმნის პროცესი და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავიჩნდეს განცდა, რომ ისევ უკან დავბრუნდეთ იქ, სადაც ვიყავით,"- განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.