გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს ყოფილი წარმომადგენლის კახა ლომაია კოალიცია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტუში მონაწილეობაზე უარის თქმას კონსტიტუციური დემოკრატიული პროცედურის აბუჩად აგდებად აფასებს.
"მარგველაშვილმა უმალ გაიმეორა ივანიშვილის იდეა, რომ მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს - მარგველაშვილის "პლასტილინობა" მოქმედებაში. უფრო მნიშვნელოვანია სხვა რამ - ეს არის კონსტიტუციური დემოკრატიული პროცედურის აბუჩად აგდება და საკუთარი მოქალაქეების ნების იგნორირება. იმათ ადგილზე, ვისაც გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია, შეურაცხყოფილად ვიგრძნობდი თავს,"- განაცხადა კახა ლომაიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მისი პოლიტიკური კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისგან თავის შეკავება ურჩია. ივანიშვილის აღნიშნულ განცხადებას გიორგი მარგველაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში, კენჭისყრაში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს.