„ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი მოსამართლეს მიმართავს, რომელსაც „ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ.
„წინა სასამართლო პროცესზე თქვენი თანდასწრებით მოხდა შეთანხმება, რომ ყოველი სასამართლო სხდომის წინ, გონივრული ვადით ადრე, პროკურატურა დაცვის მხარეს მიაწვდიდა იმ მოწმეების სიას, რომელთა დაკითხვაც უნდა მომხდარიყო მომავალ პროცესზე.
მოგეხსენებათ, პროკურატურას წარმოდგენილი ჰყავს მოწმეთა 3969 კაციანი სია, რაც უპრეცედენტოა არამხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო მასშტაბით. ვერცერთი ადვოკატი ვერ შეძლებს ზეპირად დაიმახსოვროს, 3969 კაცის არამხოლოდ ჩვენება, სახელები და გვარებიც კი.
იმისათვის რომ მე მქონდეს ეფექტური დაცვის უფლება, აუცილებელია, რომ ჩემს ადვოკატებს წინასწარ ჰქონდეთ მომდევნო პროცესზე გამოსაძახებელი მოწმეების სია. ამ მარტივ ჭეშმარიტებას წინა სასამართლო სხდომაზე დაეთანხმა პროკურატურა და დაეთანხმეთ თქვენც.
მიუხედავად ამისა, პროკურატურამ არ შეასრულა პირობა და არ გადმოგვცა მოწმეთა სია. ამიტომ, მე ვაცხადებ პროტესტს და უარს ვამბობ, დავესწრო ამ სასამართლო სხდომას. ამ პროტესტით, მინდა საზოგადოების ყურადღება მივაპყრო იმ მრავალრიცხოვან უხეშ კანონდარღვევებს, რითაც პროკურატურა წარმართავს ჩემი და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესს"- აცხადებს ვანო მერაბიშვილი.