საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ბოლოდროინდელი მუშაობა მისასალმებელია, თუმცა მინისტრის ერთმა არასწორმა განცხადებამ შესაძლოა, უწყების და მისი საზღვარგარეთ მომუშავე წარმომადგენლობების მიერ წლების განმავლობაში გაწეული სამუშაო ერთი ხელის მოსმით წყალში ჩაყაროს.
ამ კონტექსტში კანდელაკმა საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის მიერ გერმანული გამოცება "დერსტანდარტისთვის" მიცემულ ინტერვიუში გაკეთებული განცხადება შეაფასა, სადაც მინისტრი ამბობს, რომ "შესაძლოა, ძალიან მალე საოკუპაციო ხაზზე ფიქსირებული საზღვარი მივიღოთ".
"ჩვენ გვახსოვს პრემიერ-მინისტრის გამაოგნებლად საზიანო განცხადება, როდესაც მან თქვა, რომ მავთულხლართების გადმოწევა არის უბრალოდ გაუგებრობა. შემდეგ მან ასევე თქვა, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება ოლიმპიადას და შეეცადა რომ რაღაც რაციონალური გამართლება თუ არა, ახსნა მაინც მოეძებნა ამ მცოცავი ოკუპაციისთვის. შემდეგ გვახსოვს რეინტეგრაციის მინისტრის სრულიად არაკომპეტენტური და საქართველოსთვის საზიანო განცხადებები. ხანდახან მგონია, რომ ბატონ ზაქარეიშვილს არ ესმის რომელი ქვეყნის მინისტრია იგი, საქართველოსი თუ რუსეთის. ბოლოს, რა თქმა უნდა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრის საქმიანობა, რომელიც ეპიზოდებში იყო სწორი, ცდილობდა საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზაციას, რითაც გამოჩნდა, რომ თურმე საწირო ყოფილა საერთშორისო მხარდაჭერა და თურმე საქართველო უნდა დარჩეს პრობლემად დასავლეთსა და რუსეთს შორის, მაგრამ დღევანდელი განცხადება მეტყველებს, რომ უზარმაზარი მუშაობა, რომელიც ჩვენმა დიპლომატიამ, ჩვენმა საელჩოებმა გასწიეს, ერთი ხელის მოსმით, ერთი განცხადებით შეიძლება წყალში გადაიყაროს საგარეო სამეთა მინისტრის მიერ,"- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.