,,ნაციონალური მოძრობის" წევრის ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით ვენეციის კომისიამ 12 ოქტომბრის სხდომაზე დაამტკიცა დასკვნა „ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული კონსტიტუციური ცვლილების პროექტთან დაკავშირებით, რომელიც კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის წესს ამარტივებს და ¾-ის ნაცვლად 2/3 კვორუმს აწესებს.
როგორც თაქთაქიშვილი აცხადებს ვენეციის კომისიის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების ეს პროექტი ცალსახად უარყოფითად არის შეფასებული.
,,პროექტი, რომელიც უმრავლესობამ პარლამენტს შესთავაზა ცალსახად უარყოფითადაა შეფასებული ვენეციის კომისიის მიერ. ვენეციის კომისია კონსტიტუციური ცვლილებების ამ პროექტს მიიჩნევს უკან გადადგმულ ნაბიჯად. ამის მიზეზი კი გახლავთ ის, რომ მარტივდება კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის წესი. ამ წესის თანახმად უქმდება ის გარანტიები რომლებიც იყო საქართველოს საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ქვეყნის ჰარმონიული განვითარება ყოფილიყო უზრუნველყოფილი", _განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.