საპრეზიდენტო კანდიდატი ნინო ბურჯანაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში განაგრძობს შეხვედრებს საქართველოს რაიონების მოსახლეობასთან. დღეს „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი "სახალხო კრების" აღმასრულებელ საბჭოს წევრ, გია ბურჯანაძესთან ერთად წალკის რაიონის ამომრჩეველს შეხვდა. შეხვედრა, ჩვეულებისამებრ, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. საუბარი შეეხო პრობლემებს, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას ყოველდღიურად აწუხებს. როგორც ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, წალკაში სხვა რაიონების იდენტური პრობლემებია, თუმცა ძირითადი პრობლემა არის ეკომიგრანტების პრობლემა, რომლებიც სახელმწიფომ თავის დროზე გადმოასახლა აქ, მაგრამ არ იზრუნეს იმაზე, რომ ეს ადამიანები არ ყოფილიყვნენ უუფლებონი იმ სახლებში სადაც ისინი ცხოვრობენ. დღეს მათ ემუქრებათ საფრთხე, რომ ისინი კვლავ დევნილები გახდნენ. ეს არის სახელმწიფოს პრობლემა, მისი უუნარობისა და უნიათობის ბრალი. დღევანდელი ხელისუფლება ამ ხალხს ერთი წლის წინ პირდებოდა, იმას, რომ მოაგვარებდა ამ საკითხს. დღეს კი ეს ხალხი პრაქტიკულად ღია ცის ქვეშ ცხოვრობს:
„მოსახლეობა არის შეურაცხყოფილი იმ კოჰაბიტაციით, რომელიც ჩვენ თავს მოგვახვიეს. მე ვპირდები ამ ადამიანებს, რომ კოჰაბიტაცია ნამდვილად დასრულდება ჩემი არჩევის შემდეგ. სამართალმა უნდა იზეიმოს, სამართლიანობა უნდა აღდგეს. მე გპირდებით, რომ ქვეყანა წავა განვითარების სწორ გზაზე და ეს შეეხება თითოეული ადამიანის კეთილდღეობის გაუმჯობესებას."
დღესვე ნინო ბურჯანაძე ნინოწმინდისა და ახალქალაქის ამომრჩეველს შეხვდა.
მასალის გამოყენების პირობები