„ვითარება რასაკვირველია არ არის ადვილი და არ არის ცალსახა, მაგრამ ვფიქრობ რომ საქართველოს პოლიტიკური თვალსაზრისით მართებს უფრო კონსტრუქციული იყოს მაშინ როდესაც მეორე მხარე თავისი არაკონსტრუქციულობის დემონსტრირებას ახდენს", _ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა გიორგი ვოლსკიმ დღეს „პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე იმაზე საუბრისის უნდა მიიღოს თუ არა საქართველომ მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაში.
ვოლსკის განცხადებით, საზოგადოებრივი აქტივობები ნებისმიერ თემაზე, მით უმეტეს ისეთ სერიოზულ საკითხზე როგორიც არის ქართულ რუსული ურთიერთობები, ხოლო ამ შემთხვევაში ოლიმპიადაში მონაწილეობის თემა საზოგადოდების ყურადღემის მიღმა არც უნდა დარჩეს და „თუ რამე აქცია იმართება ამას გაღიზიანებით არ უნდა შევხედოთ".
„მე უფრო ვიხრები ხოლმე პოლიტიკური ანალიზისაკენ, მაშინ როდესაც სპორტის მესვეურები თავს საკმაოდ სერიოზულ არგუმენტებს გამოთქვამენ თუ რატომ უნდა მიიღოს ქართულმა გუნდმა ამ შეჯიბრებაში მონაწილეობა. პირველ რიგში, ეს იმიტომ, რომ ეს არის მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტის ღონისძიება და არა რუსეთის ღონისძიება. ჩვენ სერიოზულად ვართ დაინტერესებული ზამთრის სახეობების სპორტის განვითარებით საქართველოში და მესამე საკითხი - არ შეიძლება საქართველომ თავი დააყენოს სანქციების საშიშროების წინაშე. საერთაშორისო თანამეგობრობის და მათ შორის სპორტული თანამეგობრობის მხარდაჭერის მოპოვება ეს არის სამუშაო პროცესი, რომელიც მიმდინარეობს და ვფიქრობ ამ ჭიდილში საქართველომ თავისი თავი უნდა დაანახოს როგორც კომპეტენტური, პასუხისმგებლობის მქონე მხარე და გარდა ამისა არსებობს ერთი ასეთი ძალიან დელიკატური მომენტი - ჩვენ თუ შესაძლო ბოიკოტზე ვლაპარაკობთ ამას გარკვეული მიზეზები გააჩნია - რომელიც ჩემთვის, თქვენთვის და თუნდაც ჩემი პოზიციის მოწინააღმდეგე ოპონენტებისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი - ეს არის ტერიტორიული მთლიანობა, ეს არის აგრესიის წინააღმდეგ მუშაობის და პოზიციის გამოხატვის აუცილებლობა და კიდევ ბევრი სხვა რამ რაც ადამიანის უფლებებს ეხება. ეს იმდენად დიდი ფასეულობებია, რომ საქართველო თავის ბოიკოტის პირობებში არ შეიძლება, რომ მარტო დარჩეს",_ აცხადებს ვოლსკი და აღნიშნავს, რომ არ შეიძლება ოდნავი მინიშნებაც კი გაკეთდეს იმისა, რომ თუ საქართველო აკეთებს ბოიკოტს და ამას არ აყვება ქვეყნების დიდი ნაწილი.
„ჰიპოთეტურ ვითარებას ვგულისხმობ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩრდილი მიადგება იმ ფასეულობებს რისთვისაც შესაძლო ბოიკოტი მოხდეს. ასე, რომ ბევრი უნდა ვიფიქროთ ვიდრე ნაიმე ნაბიჯს გადავდგამთ",_ განაცხადა ვოლსკიმ.