"დაკანონებული ქურდები და მაყურებლები იყვნენ მარტო შევარდნაძის დროს და არიან ივანიშვილის დროს,"-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სენაკში, ქუთაისის მეორე საპყრობილეში გარდაცვლილი პატიმრის გოგა ძველაიას ოჯახის წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
ქვეყნის პირველმა პირმა გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და მათი მოთხოვნების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
"ქურდები და მაყურებლები ციხეში აღარ იყვნენ. ყველას, ვისაც სინდისი არ აქვს მართლა, დღედაღამე ლაპარაკობს, რომ ხალხს სისხლს სწოვდნენ ციხეებში. ციხის ადმინისტრაციაში შეიძლება იყოს კრიმინალის ფსიქოლოგიის ადამიანი შეპარული, როგორიც ბედუკაძეა, მაგრამ დაკანონებული ქურდები და მაყურებლები იყვნენ მარტო შევარდნაძის დროს და მარტო არიან ივანიშვილის დროს. ფაქტია, რომ მაყურებელთან ჰქონდა ჩხუბი, მაყურებელი მოკვლით დაემუქრა, დაწერა განცხადება, რომ მოკვლას უპირებდნენ და ამის შემდეგ რამდენიმე საათში კლავენ. ერთი რამე ვიცი, რომ მამამისს ეუბნებიან, რომ კამერამ მაინც და მაინც მაშინ გაჭედაო, ხარვეზი იყოო იმ წუთში როცა ეს მოხდაო. საერთოდ, მინისტრი არის თუ არა ქმედუნარიანი, რომ რამეზე პასუხი აგოს?! ეს კაცი გინახავთ ტელევიზორში?! როგორ შეიძლება ამ კაცზე სერიოზულად საუბარი?! ,"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მეორე საპყრობილეში არასრულწლოვანი პატიმარი 3 დღის წინ გარდაიცვალა. ქურდობის ბრალდებით დაკავებული 16 წლის სენაკელი საპატიმროში 5 დღის წინ შეიყვანეს. ახალგაზრდა სასჯელს უკვე მეორედ იხდიდა. პრეზიდენტმა ის მარიამობის დღესასწაულზე შეიწყალა.