"საქართველოში ვერ დავამკვიდრებთ შიხიაშვილის სამართალს, რომელიც ძველბიჭობასთან წილნაყარია,"- ასე გამოეხმაურა თბილისის მერი გიგი უგულავა დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის იმ განცხადებას, რომლის თანახმად იგი უგულავას კლინიკა "შუა ქალაქში" ბოლო დღეებში განვითარებული მოვლნებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
"მინდა ყველას მოვუწოდო, განსაკუთრებით საკრებულოს და მათ შორის, მის თავმჯდომარეს ამ საკითხის პოლიტიზირებისგან შეიკავოს თავი. საქართველოში ბუნებრივია, ჩვენ ვერ დავამკვიდრებთ ხმამაღლა ყვირილის სამართალს, ვერ დავამკვიდრებთ შიხიაშვილის სამართალს, რომელიც უფრო მეტად ძველბიჭობასთან წილნაყარია, ვიდრე რეალურად სამართალთან,"- განაცხადა გიგი უგულავამ.
დედაქალაქის მერი მიიჩნევს, რომ როდესაც ორი დაპირისპირებული მხარიდან ორივე თვლის, რომ მართლები არიან, უმჯობესია საქმე სასამართლომდე მივიდეს და ჭეშმარიტება სწორედ ასე დადგინდეს.
"განსაკუთრებით კოლექტივს და ინვესტორს მინდა ვთხოვო, რომ როდესაც ორი მხარე თვლის, რომ ორივე მართალია, ნებისმიერი საკითხი უნდა წავიდეს სასამართლოში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ კერძო ხელში უკეთესად იმუშავებს ეს ობიექტი როგორც პოლიკლინიკა და მან უნდა გააგრძელოს ასეთად არსებობა და ასეც არის სწორედ პირობა,"- აღნიშნა უგულავამ.
გიგი უგულავა ასევე მოუწოდებს კლინიკა "შუა ქალაქშის" ინვესტორ კომპანიას, რომ თუ კოლექტივთან შეუთანხმებლობაა, მეტად იმუშაონ კოლექტივთან, რათა გამონახონ საერთო ენა. მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი შესწავლილია და პრივატიზაცია აბსოლუტურად კანონიერად არის ჩატარებული.
"არავითარი თეთრი ძაფები და შავი ძმები აღნიშნული ობიექტის პრივატიაციის საქმეში არ მონაწილეობდნენ,"- დასძინა უგულავამ.