"ჩვენს უკან ხედავთ იმ სამარცხვინო ფარდას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ოკუპანტმა ჩამოაფარა ჩვენი საზოგადოების წევრებს ჩვენს ძირძველ მიწებს შორის,"- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდებარე სოფელ დვანში აღმართული ე.წ. სასაზღვრო ღობებებთან ისაუბრა.
"მე პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ზოგიერთივით არ მიმაჩნია, რომ ეს არის გაუგებრობა. მე ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის მტერი, ოკუპანტი ახორციელებს გეგმაზომიერ შეტევას ჩვენს სუვერენიტეტზე, დამოუკიდებლობაზე, ჩვენს თავისუფლებაზე და ჩვენს მომავალზე. ამ შეტევას აქვს სრულიად კონკრეტული მიზანი - ჩვენი სუვერენიტეტის შერყევა და ჩვენი ქვეყნის დასუსტება. ამაზე ჩვენ სათანადო რეაგირება უნდა მოვახდინოთ და მოვახდინოთ ეს მშვიდად, მაგრამ ძალიან მტკიცედ და ერთიანად. ამისთვის არსებობს საკონსტიტუციო მექანიზმები,"- განაცხადა მიზეილ სააკაშვილმა.
ქვეყნის პირველი პირის თქმით, ქართულმა საზოგადოებამ ყველაზე კარგად იცის, რომ მასსა და მთავრობას შორის, ოპოზიციასა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის სერიოზული უთანხმოებებია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მან მოიწვია უშიშროების საბჭო, შესთავაზა მთავრობას ერთად ემსჯელათ ამ საკითხებზე და ვერავინ ვერ უარყოფს, რომ ასეთი მსჯელობა, ასეთი კოორდინაცია, ასეთი შეხვედრები დღეს არის უფრო აუცილებელი, ვიდრე ოდესმე.
"სერიოზული უთანხმოებებია ეკონომიკაზე, დანაშაულთან ბრძოლაზე, ნეპოტიზმის საკითხებზე, მაგრამ არ შეიძლება იყოს უთანხმოებები მთავარ საკითხზე - ეს არის საქართველოს თავისუფლება, საქართველოს სუვერენიტეტი და საქართველოს მომავალი. ჩვენ ყველანი ერთნაირად ვართ შეძრწუნებულნი რუსეთის ქმედებებით, მე მჯერა, რომ ეს ასეა. შეძრწუნებულები ვართ იმით, რომ ისინი სულ უფრო მოიწევენ წინ და რეალურად შეიძლება გავიდნენ და გადაჭრან ავტობანიც, მთავარი გზა. შეიძლება მიითვისონ ნავთობსადენი და რა თქმა უნდა ამას აქვს ყოველდღიური ტრაგიკული შედეგები იმ ხალხისთვის, ვისაც სახნავ-სათესი წაართვეს. ამას აქვს კონკრეტული შედეგები და ეს გრძელვადიანად დამანგრეველია საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის. ძალიან საშიშია ამ ხალხისთვისაც და მომაკვდინებლად საშიში შეიძლება იყოს ქართული სახელმწიფოსთვის,"-აღნიშნა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ახლა მთავრობამ და ოპოზიციამ ერთად უნდა იმოქმედონ, თუმცა ჯერ-ჯერობით ამას ვერ ახერხებენ, რადგან სამწუხაროდ, ასეთია სამთავრობო პოზიცია.
"მე დარწმუნებული ვარ, რომ ამას ჩვენ ერთად შევცვლით. რუსეთი სულ გვცდის, სულ ცდის რა არის ჩვენი სისუსტე, რა არის ჩვენი უთანხმოებები, სად ვაპირებთ კიდევ უკან დახევას,"- დასძინა მან.
სააკაშვილი მიიჩნევს, რომ გრძელი დამცირებების ჯაჭვს დაემატა ის, რომ ნეჩაევს, იმ ადამიანს, რომელიც ბომბავდა ქართულ სოფლებს და ქალაქებს, დახოცა ხალხი და რომელსაც ქართველ,მა სამხედროებმა დაუზიანეს თვითმფრინავი, მიანიჭეს უფლება, რომ წაეღო ოლიმპიური ჩირაღდანი სოჭის ოლიპმიადაზე.
"ეს რა თქმა უნდა, პროვოკაციაა. ამიტომ, ჩვენ როგორც არასდროს, გვჭირდება ამ პროვოკაციაზე ერთობლივი მოქმედება. მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენელი ამბობს, რომ ეს მავთულხლართები, ეს ანექსია ემსახურება ოლიმპიადის უსაფრთხოების დაცვას. ეს რა თქმა უნდა ასე არ არის. ძალიან სამწუხაროა, რომ ამას ამბობს მთავრობის ხელმძღვანელი. პრობლემა არის რუსეთის აგრესია ჩვენი სუვერენიტეტის, ჩვენი თავისუფლების, ჩვენი მომავლის წინააღმდეგ და ის, რომ ბოლო კვირებში და ბოლო თვეებში ჩვენ მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწა წაგვართვეს ამ ხეობებში ვიდრე 2008 წლის ომის დროს, ეს უკვე რაღაცის ნიშანია,"- განაცხადა პრეზიდენტმა.
სააკაშვილის თქმით, ახლა რუსეთი ისევე უტევს საქართველოს სუვერენიტეტს, როგორც უტევს უკრაინის, ლიტვის, მოლდოვას სუვერენიტეტს, ამიტომ ჩვენ გვჭირდება ერთიანობა. ამასთან, სააკაშვილი მიიჩნევს, რომ თუ ქართველებმა ვერ მოახერხეს ქვეყნის შიგნით მთავარ საკითხად აქციონ ეს ამბავი, ის საერთასორისო თანამეგობრობის განხილვის მთავარ თემად ვერ გადაიქცევა.
"ამიტომ ჩვენ უნდა დავდგეთ ერთად. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ არ ვართ ისე დაყოფილები, რომ ეს არ იყოს იმის უტყუარი ნიშანი, რომ მეტად შემოგვიტიოს, მეტად წამოვიდეს შეტევაზე. მიუხედავად იმისა, ვის უჭერთ მხარს, "ოცნებას", "ნაციონალურ მოძრაობას" თუ ვინმე სხვას, ჩვენ არ შეიძლება მხარს არ ვუჭერდეთ საქართველოს ერთიანობას და თავისუფლებას. ჩვენ ისტორია განგვსჯის არა იმითი, ვინ მოიგებს ამ არჩევნებს, ამას შეიძლება იმდენი მნიშვნელობას არ ჰქონდეს დღეს უკვე , იმის მიხედვით განგვსჯის ისტორია, დავდგებით თუ არა ზიზღის, უთანხმოებების, ქიშპის ზემოთ და ყველანი ერთად გავერთიანდებით ჩვენი საქართველოს, მისი მომავლის, მისი თავისუფლების გარშემო. დარწმუნებული ვარ რომ ამას შევძლებთ და მოდით, ყველა ერთად ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს - საქართველოს. მთელ მსოფლიოს დავანახოთ, რომ ამ საკითხში მაინც შეგვიძლია ვიყოთ ერთიანები, მტკიცეები, მშვიდები, მაგრამ ამავე დროს ძლიერები ჩვენს ერთიანობასა და თავისუფლებისადმი ლტოლვაში,"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.