სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი საქართველოს სასმელი წყლის გადაკეტვით ემუქრება. განცხადება ამის შესახებ დღე კოკოითის კრიმინალური რეჟიმის ე.წ. რწმუნებულმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევმა გააკეთა. ჩოჩიევის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუკი საქართველო ახალგორის რაიონს ბუნებრივ აირს არ მიაწვდის, ე.წ. სამხრეთ ოსეთი "იძულებული იქნება" საქართველოში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის გავლით მიმავალი წყალი გადაკეტოს.
ჩოჩიევი ასევე აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხი ცხინვალში ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილება.
"ჩვენ მათ მივაწვდით ინფორმაციას არსებული მდგომარეობის შესახებ და იმ შემთხვევაში თუკი საქართველო არ შეცვლის თავის დამოკიდებულებას ახალგორის რაიონისათვის გაზის მიწოდების საკითხში სამხრეთ ოსეთი იძულებული იქნება გადაკეტოს ყველა საირიგაციო არხი და დამბა, რომლებითაც საქართველოში სასმელი წყალი მიედინება", _ აცხადებს ჩოჩიევი.