"ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის ფარული სეკვესტრის განხორციელებას იწყებს", _ ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ ბათუმში განაცხადა.
ბაქრაძის ინფორმაციით, 2014 წლიდან მნიშვნელოვნად მცირდება მუნიციპალიტეტების ბიუჯეტი, რაც რეგიონებში ეკონომიკურ მდგომარეობას გააუარესებს.
ბაქრაძე, კრიზისის თავიდან აცილების მიზნით, მთავრობას თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.
,,ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ფინანსთა სამინისტროს მხრიდან მასიურად ხდება რაიონის ბიუჯეტების შემცირება. ეს ერთის მხრივ ნიშნავს იმას, რომ შეჩერდება და მნიშვნელოვნად მოიკლებს განსახორციელებელი პროექტები. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო მთავრობას ამ კრიზისულ სიტუაციაში ჩუმად მიმდინარე სეკვესტრის ნაცვლად ერთად გადავდგათ ნაბიჯები ეკონომიკის გადარჩენისთვის. კერძოდ განვახორციელოთ ის სამპუნქტიანი გეგმა, რომელიც მათ შევთავაზე: დავწიოთ გადასახადები, გამოვაცხადოთ ეკონომიკური ამნისტია და უარი ვთქვათ ახალ რეგულაციებზე", _განაცხადა ბაქრაძემ.