რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მიინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის საწინააღმდეგოდ შექმნილ პეტიციაზე მოქალაქეთა ხელმოწერები ქართველი სპოტსმენების მიერ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს.
როგორც ზაქარეიშვილმა TV-3-ის გადაცემა "დიდ პოლიტიკაში" სტუმრობისას აღნიშნა, "პეტიციის ხელმომწერები "ავარდნენ" ერთ მეჩირაღდნეზე, რაც არ არის გადაწვეტილების შესაცვლელად საკმარისი საფუძველი".
"მეჩირაღდნე შეიძლება იყოს ერთ-ერთი ეპიზოდი, ერთ-ერთი ელემენტი საერთო პროცესისა და ჩვენ პროცესს უნდა დავაკვირდეთ. ის გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, რომელიც ყველაზე ნაკლებად იქნება დამაზარალებელი საქართველოსთვის და ყველაზე მეტად იქნება ეფექტური მსოფლიოსთვის და რუსეთისთვის,"- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
ცნობისთვის, ქართველი სპორტსმენების მიერ სოჭის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტირების საკითხზე სპეციალური პეტიცია შეიქმნა, რომელსაც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და რამდენიმე ათასი მოქალაქე აწერენ ხელს. აღნიშნულ პეტიციაზე ხელმოწერის პროცესი გრძელდება.